სამართალი
ამნისტია პირადი მონაცემების გამყალბებლებისთვის

amnistia2სამოქალაქო რეესტრის ინფორმაციით, მოქალაქეებისათვის, რომელთაც სხვადასხვა დროს გააყალბეს საკუთარი პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემები (პასპორტი, პირადობის მოწმობა და სხვა) ამნისტია გამოცხადდება. აღნიშნულის შესახებ დღეს, 6 ივნისს, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის უფროსმა ლევან დარბაიძემ განცხადება გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქ. ბათუმში გახსნილ საქართველოში პირველ იუსტიციის სახლში.

როგორც დარბაიძემ აღნიშნა, უახლოს დღეებში ძალაში შევა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს პირებს, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით, 362-ე მუხლით ან 363-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის შესახებ).

მისი თქმით, კანონით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებმაც გარკვეული კატეგორიის დანაშაული (დაბადების თარიღის გადაკეთება, სახელის, გვარის თვითნებურად შეცვლა, პასპორტის ვადის გაგრძელების შტამპის გაყალბება და სხვა) ჩაიდინეს 2007 წლის 1 იანვრამდე, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც აღნიშნული დანაშაულების 2007 წლის 1 იანვრამდე ჩადენის საფუძველზე გაყალბებული საიდენტიფიკაციო მონაცემებით გაცემული დოკუმენტები გამოიყენეს ამ კანონის ამოქმედებამდე, თუ ამ დანაშაულებთან დაკავშირებით არ არის დაწყებული გამოძიება.