საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: ისტორიის გადამწყვეტ მომენტში ვართ

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ქვეყანა ისტორიის გადამწყვეტ მომენტში იმყოფება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს.

სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპული საბჭოს გადამწყვეტ სხდომამდე, ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობაზე.

იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. მე, ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, რომ ეს ბოლო დღეები მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ვაგზავნით წერილებს ყველა ჩემს კოლეგასთან, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვათ ამ გადამწყვეტ, ევროპული საბჭოს სხდომამდე. ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ და უკვე გავუშვებთ „ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რათა ამ ფორმითაც და ამ საშუალებითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ მოგვანიჭონ ევროპული პერსპექტივა, რაც არის ძალიან დიდი რამ, რომელზეც ალბათ ცოტა ხნის წინ ვერც ვიოცნებებდით. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, მაგრამ გვაძლევს ამის იმედს, თუკი ჩვენ გადავდგამთ იმ რეფორმებსა და ნაბიჯებს, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარვადგინოთ როგორც ღირსეულმა, ევროპულმა ქვეყანამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ დღეს აქციაზე გასვლას და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.

მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, მივმართო ყველას, რომ აქ არავინ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.