5 ივნისს რუსთაველის გამზირზე ოთხი ადამიანი დააკავეს, რომლებიც კინოთეატრ „რუსთაველთან“, სადაც საკმაოდ გახმაურებული ფილმის – „აგვისტოს 5 დღე“ – პრემიერა იგეგმებოდა, პროტესტის გამოხატვას აპირებდნენ.
ჰოლივუდის ვარსკვლავები ენდი გარსია, შერონ სტოუნი და სხვები თბილისში ჩამოვიდნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ფილმის პრემიერაზე დასასწრებად.
რეჟისორ რენი ჰარლინის ფილმის – „აგვისტოს 5 დღე“ – პრემიერა თბილისში 5 ივნისს გაიმართა. ეს ღონისძიება ინტენსიურად გაშუქდა ქართულ მედიასივრცეში.ენდი გარსია ფილმში პრეზიდენტ სააკაშვილის როლს ასრულებს. შერონ სტოუნი, რომელიც თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა, სადაც „Muz-TV 2011“ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო, ფილმში არ თამაშობს; იგი თბილისში პრემიერას, ხოლო შემდეგ საქველმოქმედო ვახშამს დაესწრო, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად გაიმართა.
ოპოზიციური „კონსერვატული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელსაც სხვა აქტივისტებთან ერთად უნდა სჭეროდა პლაკატი წარწერით: „აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია“, პოლიციამ პარლამენტის შენობასთან დააკავა. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობაში დასდეს ბრალი. იმავე ბრალდებით კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის, სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ბათიაშვილის, მეუღლე და შვილი დააკავეს.
კვირას მოგვიანებით ჩხარტიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ ათდღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო სამი დანარჩენი დაკავებული თითოეულისთვის 400-ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლეს.
ასევე, 5 ივნისს, კიდევ ერთ ჯგუფს სასტუმრო „Radisson Blue Iveria“-ს წინ, სადაც ჰოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრობდნენ, ინგლისურენოვანი ბანერები ეჭირათ წარწერებით: „იაფი პროპაგანდა ხელოვნება არ არის“, „ნუ ქმნით შოუს ომისგან“. აქციის მონაწილეთა თქმით, ფილმი „უსარგებლო პროპაგანდაზე ფულის ხარჯვაა“.
ფილმის რეჟისორმა რენი ჰარლინმა განაცახდა, რომ ფილმის ბიუჯეტმა 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და არა 20 მილიონი, როგორც ამის თაობაზე მაშინ ითქვა, როცა ის 2009 წელს ფილმის გადაღებას იწყებდა.
ფილმის ძირითადი სიუჟეტი ეხება ამერიკელ ჟურნალისტსა (რომელსაც ბრიტანელი მსახიობი რუპერტ ფრენდი თამაშობს) და მის ოპერატორს, რომლებიც აგვისტოს ომის შუაგულში აღმოჩნდნენ.
თბილისში ფილმის პრემიერამდე, დაახლოებით, ორი წლით ადრე რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია „პირველმა არხმა“ უჩვენა რუსეთის მიერ გადაღებული ფილმი აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც მოვლენების ოფიციალურ რუსულ ვერსიას ასახავს.
და აი ახლა ეს ჰოლივუდიური ვერსია როგორც პასუხი მოსკოვურ სურათზე.