საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: ევროპამ არ გვითხრა უარი, უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანდიდატის სტატუსი არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, რაზეც არც ვიოცნებებდით, უკრაინა და ახალი გარემოებები რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში.

„მინდა, მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება და არის მხოლოდ რეკომენდაცია, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად, საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ამ ჯგუფს ჩამოვრჩით.

შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული. მე უფრო იმ კატეგორიას ვეკუთვნი, რომელიც გაბრაზებულია. მე პირადად ბევრი რამ ვთქვი, რადგან ვხედავდი, რაც შეიძლება, მზადდებოდა. ამან გამოიწვია ზოგის წყენა, გაბრაზება, მაგრამ ფაქტი ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. ფაქტები იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ. ეს არ არის არც ქართული ხასიათი, არც ქალების ხასიათი. მე თქვენი იმედი მაქვს, მოსახლეობის იმედიც მაქვს, ყველასი, ვინც გუშინ იყო გამოსული, სახლიდან გვიყურებდა, დღეს გვიყურებს და ვიცი, რომ თქვენც გრძნობთ, არც იმედგაცრუების, არც წუწუნის დრო არ არის, რადგან რაც დღეს მოგვივიდა, არის გაფრთხილება, „რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“.

ჩვენი ბრალია. ჩვენ ვამბობთ, რომ არ დავიმსახურეთ. დავიმსახურეთ. ჩვენ იმის შემდეგ, რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია, აბა, ვისი. არავინ არ გაგვიკეთა არაფერი. რაც მთავარია, რაც მინდა, კარგად გაიგოთ, ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, პირიქით, როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგიდან არის ცნობილი ის პირველი ინფორმაციები, რაც ვრცელდება. პირველ რიგში, უნდა წავიკითხოთ ევროკომისიის რეკომენდაცია. სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის „ტვიტერშიც“ იგივე წერია და კარგად უნდა ვიცოდეთ, როგორ წავიკითხოთ. იქ წერია, რომ ჩვენ ცხადია, კანდიდატის სტატუსი დღეს არ მიგვიღია, მაგრამ მივიღეთ ისეთი რამ, რაზეც არც ვიოცნებებდით, ეს ყველაფერი რომ არ ყოფილიყო ბოლო თვეებში. მივიღეთ ის აღიარება და იმედი მაქვს, ამას დაადასტურებს ევროპული საბჭო ერთ კვირაში, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, გაწევრიანების პერსპექტივა. ეს არის ის, რაც არავის უთქვამს ჩვენთვის აქამდე, არავის მოუცია პირობა პერსპექტივაზე. იყო ამის მიმართ ხან გეოგრაფიული მიზეზები, რატომ არა, მაგრამ დღეს რომ არა უკრაინა, რომ არა ეს ახალი გარემოებები, ამას დღეს ნამდვილად არ მივიღებდით და შეიძლება, ჯერ არც ვიმსახურებდით, მაგრამ მივიღეთ ეს დაპირება. იმედი მაქვს, ამ ტექსტს გაიმეორებენ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაში. უნდა ვიმუშაოთ ამ ერთ კვირაში და ფარ-ხმალი არ უნდა დავყაროთ წინასწარ.

მეორე არის, რომ ეს არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსის საკითხი, მხოლოდ გაფრთხილებაა და ძალიან მკაფიოდ ჩამოწერილი, რა უნდა გავაკეთოთ. როცა გინდა ადამიანის გადაგდება, ან ქვეყნის, კი არ ეუბნები, რა უნდა გააკეთო 2022 წლის ბოლომდე, გადააგდებთ და ეს არის და ეს. მარტივიც არის. ამიტომ, მივიღოთ ის, რასაც გვეუბნებიან, გავიგოთ და არა ისე, როგორც გვაწყობს სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. დავუსვათ ჩვენს თავს კითხვა, რა უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილი.