საქართველო, 17 ივნისი, საქინფორმი. აფხაზეთის „სამართალდამცავი ორგანოები“ ნატოს ბლოკის სადაზვერვო თვითმფრინავების მიერ ე.წ. რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრების დარღვევასთან დაკავშირებული ინციდენტების დიდ რაოდენობას აფიქსირებენ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო შეხვედრაზე, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მან დე ფაქტო უწყებას სამუშაოების ოპერატიული კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„საჭირო იქნება თქვენს საქმიანობაში ოპერატიული კომპონენტის გაძლიერება. იმიტომ, რომ ძვირფასო კოლეგებო, მოდის რთული, ძალიან რთული დროება”, - განაცხადა „პრეზიდენტმა“.
მან ისაუბრა თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზეც, რომელშიც მისი თქმით, მოცემულია ინფორმაცია ნატოს თვითმფრინავების მიერ სახელმწიფო საზღვრის დარღვევის შესახებ.
„თითქოს და რა არის აქ ისეთი, რაც მათ არ იციან? მდინარე ენგური მიედინება იქ, სადაც მიედინება, გალი არის იქ, სადაც არის, მაგრამ არაფერიც - აფიქსირებენ ჯარების ახალ გადაადგილებას, შესაძლებელია საინჟინრო ნაგებობებსაც, რომლებსაც ჩვენ ვქმნით, მზადება მიმდინარეობს სერიოზული ძალისხმევისთვის, სამხედრო აქციისთვის“, - განაცხადა ბჟანიამ.