სამართალი
სასამართლომ ბათიაშვილების ოჯახი დააჯარიმა, ლაშა ჩხარტიშვილს კი 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

batiashvilis_coliრუსთაველის გამზირზე 5 ივნისს, საღამოს, სამართალდამცველებმა აქციის გამართვის მცდელობისთვის „კონსერვატული პარტიის“ წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის – ირაკლი ბათიაშვილის, მეუღლე – ირინა ბათიაშვილი და შვილი – მაია ბათიაშვილი დააკავეს, რომელთა სასამართლო პროცესები გუშინ ღამით გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ჩხარტიშვილს სამართალდამცველთა მიმართ ბოროტ დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაში დაედო ბრალი. ირაკლი ბათიაშვილის მეუღლესა და შვილს კი 400-400 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარედგინათ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ გუშინვე „სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ბათიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. სასამართლოში ინციდენტი ირაკლი ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის მას შემდეგ მოხდა, რაც ბათიაშვილი შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მივიდა. პროცესი უკვე დაწყებული იყო, თუმცა მან დარბაზში შესვლა მაინც მოითხოვა და სხდომის დარბაზის კარებზე ბრახუნი დაიწყო, რასაც სასამართლოს მანდატურების წინააღმდეგობა მოჰყვა. მანდატურებთან ფიზიკური შეხლა-შემოხლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს.

რაც შეეხება ბათიაშვილის ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციას, ის აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიციამ აქცია დასაწყისშივე აღკვეთა.

აქციის მონაწილეებს ეკავათ სხვადასხვა შინაარსის პლაკატი, მათ შორის, „აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი – ტრაგედია“.