საზოგადოება
მმართველი პარტია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე არ მიდის

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ გადაწყვიტა მონაწილეობა არ მიიღოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაში, რომელმაც, მისი თქმით, საზოგადოების ერთიანობისა და ევროკავშირისკენ სწრაფვის დემონსტრირება უნდა მოახდინოს.

14 ივნისს ზურაბიშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე ევროკავშირის ელჩს საქართველოში და ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს თბილისის ცენტრში, ევროპის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა.

უარის მთავარ მიზეზად „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა ის, რომ აქცია არაორგანიზებული იქნება, რადგანაც ორი დღე ძალზე მცირე პერიოდია მასშტაბური აქციის მოსამზადებლად. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ იქნება სერიოზული შეცდომები, მათ შორის ლოჯისტიკის კუთხით.

ეს არის სრულიად არასერიოზული ინიციატივა“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობის 85%-მა უკვე დაუჭირა მხარი ქვეყნის ევროინტეგრაციას.

არასწორია შეჯიბრებების გამართვა აქციებით, განაცხადა, თავის მხრივ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა. სუბარმა მიანიშნა პრეზიდენტზე, რომელიც 16 ივნისის აქციაზე იწვევს ხალხს და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, რომლებმაც მანამდე მოსახლეობას 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს.

ზურაბიშვილმა, მოუწოდა რა 16 ივნისს ყველა პოლიტიკურ ძალას ერთიანობისკენ, პარალელურად 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს – მოძრაობა „სირცხვილიას“ მისი გადადებისკენ მოუწოდა, რათა არ გაიხლიჩოს საზოგადოება, რომელიც ევროკავშირისკენ ისწრაფვის.

ზურაბიშვილის იდეა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელი აღმოჩნდა. მოძრაობა „სირცხვილიამ" კი განაცხადა: „თუ საქართველოს პრეზიდენტი ღიად დააფიქსირებს პოზიციას, რომ იგი ჩვენს აქციაზე იქნება, ჩვენც მივალთ 16 ივნისის აქციაზე“.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, მათი ნაწილი ორივე აქციაში მონაწილეობას გეგმავს.

აქციები დაანონსებულია ევროკავშირის სამიტის (23-24 ივნისი) წინ, რომელზეც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს.