საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: ანდრია ჯაღმაიძემ უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან მისი შეხვედრა „პირადი ხასიათის თხოვნა იყო“.

აღნიშნულის შესახებ სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ წერს და ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ვერ მოხერხდა.

პრეზიდენტის თქმით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი.

პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს.

პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება!

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი აკეთებდეს საჯარო კომენტარებს! მიგვაჩნია, რომ მან უნდა იცოდეს, როგორ მოიხსენიოს ქვეყნის პატრიარქი და პრეზიდენტი!“, - წერს ზურაბიშვილი.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედთან“ განაცხადა, რომ პრეზიდენტს დღეს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდა.

სალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორის შეხვედრა ვერ მოხერხდა. პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება. თხოვნა იყო, რომ დღეს შემდგარიყო ეს შეხვედრა და დღეს არ ხერხდება. მიზეზს ვერ დაგიკონკრეტებთ, უშუალოდ მე ამ პროცესში არ ვიყავი ჩართული“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.