საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. გამოცემა Politico Europe-მა ევროკომისრებს შორის გამართული დებატებიდან გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით 14 ივნისს განაცხადა, რომ ევროკომისიის მომავალი მოსაზრება, სავარაუდოდ, რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოლდოვაც, სავარაუდოდ, მიიღებს სტატუსს გარკვეული პირობებით, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ არ არის მიღწეული.
„სავარაუდოა, რომ მოლდოვას, შესაძლოა, მწვანე შუქი აუნთონ (პირობებით), მაგრამ გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია“, – ნათქვამია Politico Brussels Playbook-ის სტატიაში.
კიდევ ერთ სტატიაში Politico Europe-ი საქმეში ჩახედულ რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იტყობინება, რომ „ევროკომისრები ძირითადად მხარს უჭერდნენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, თუმცა ნაკლებად დარწმუნებულნი იყვნენ საქართველოსთან მიმართებით, სადაც ბოლო წლებში მასშტაბურ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას ჰქონდა ადგილი“.
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკომისია, სავარაუდოდ, 23-24 ივნისს მიიღებს.
თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის საბჭოს წევრთა ერთსულოვანი მხარდაჭერა ესაჭიროება. Politico-მ განაცხადა, რომ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას „მინიმუმ სამი ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა“.