სამართალი
ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმის განაჩენის აღსრულებაზე

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმის განაჩენის აღსრულებაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, ევროპის საბჭოს მინისტრმა კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოდან გასვლის მიუხედავად, რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოეთხოვება.

8-10 ივნისს გამართულ შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეებმა მოუწოდეს რუსეთის ხელისუფლებას „ზედმიწევნით, დამოუკიდებლად, ეფექტიანად და სწრაფად გამოიძიოს საომარი მოქმედებების აქტიური ფაზის, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი სერიოზული დანაშაულები, რათა მოხდეს ყველა პასუხისმგებელი პირის იდენტიფიცირება და სამართალში მიცემა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. სასამართლოს თქმით, 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში „რუსეთის მტკიცედ დაფუძნებამ და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელმძღვანელთა რუსეთის ფედერაციაზე დამოკიდებულებამ წარმოაჩინა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე „ეფექტიან კონტროლს“ რუსეთი ახორციელებდა.

აღმოჩენილი დარღვევების მასშტაბისა და ხასიათის გათვალისწინებით, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა კონკრეტული ზომები უნდა მიიღოს მსგავსი დარღვევების დასასრულებლად და მათი განმეორების აღსაკვეთად. მან რუსეთს დეტალური და ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის წარდგენისკენ მოუწოდა.

კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა არ აქვთ და მოუწოდა რუსეთს, რომელიც „ამ რეგიონებზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, დაუყონებლივ უზრუნველყოს ყველა მცხოვრებლის საკუთარ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება“.

კომიტეტმა „ღრმა შეშფოთებით აღნიშნა“, რომ 2021 წლის ოქტომბერსა და 2022 წლის თებერვალში, რუსეთმა გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ „ძალიან მოკლე დოკუმენტები“ წარუდგინა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

იმავე სხდომაზე, მინისტრთა კომიტეტმა შუალედური რეზოლუცია მიიღო საქართველო რუსეთის წინააღმდეგ განაჩენთან დაკავშირებით, რომელშიც კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსეთის უპირობო ვალდებულება, რომ რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს 1 500 მოქალაქეს სასამართლოს მიერ დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს.

კომიტეტმა გადაწყვიტა, რომ საქმის განხილვა 2022 წლის სექტემბერში დაგეგმილ 1 443-ე შეხვედრაზე განაახლოს.