ტურისტული სეზონისთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის. პრეზიდენტის დავალებით წელს საქართველომ 3 მილიონ ტურისტს უნდა უმასპინძლოს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დღევანდელ პირობებში ჩვენი ქვეყნისთვის ამდენი ტურისტის მიღება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ტურისტების რაოდენობის ზრდაზე საუბარს არარეალურად მიიჩნევენ ტუროპერატორებიც, რადგან, როგორც უკვე ცნობილია, შავიზღვისპირეთში მოქმედი თითქმის ყველა სასტუმრო ფასების გაზრდას აპირებს.
ძნელად სავარაუდოა, ჩამოვლენ თუ არა უცხოელები საქართველოში მაშინ, როცა ტურიზმის სფერო აქ კიდევ უფრო ძვირდება. ამ ფონზე მეზობელი აზერბაიჯანი ცდილობს, ქართულ კურორტებს ტურისტები წაართვას და ფასები არათუ გაზარდოს, პირიქით, შეამციროს.ბაქოში ივნისში ფასების შემცირებასაც ელიან. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისუფალ ტურისტულ ზონებს აფართოებს და ტურისტული ქვეყნის იმიჯის შექმნას აპირებს, ქვეყანაში დამსვენებლების რაოდენობა მაინც ცოტაა. თავად ადგილობრივი მოსახლეობაც, იმის გამო, რომ საქართველოს საკურორტო ზონებში დასვენება ძალიან ძვირი ჯდება, იძულებული იყვნენ, შედარებით ნაკლები დანახარჯი გაეწიათ და უფრო მეტად კომფორტულად თურქეთში დაესვენათ.
წელს, როცა ფასების მატება თურქეთშიც იგეგმება, მეზობელი აზერბაიჯანი კი ფასების დაწევას აპირებს, გამორიცხული არ არის, რომ ქართველმა ტურისტებმაც უკვე სხვა გზები მოძებნონ, ქართული კურორტები კი მხოლოდ მეზობელი სომხეთიდან ჩამოსულ ტურისტებს თუ უმასპინძლებს. სომხეთის რკინიგზამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ერევანი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლის დანიშვნის შესახებ, რომელიც რეისებს 15 ივნისიდან შეასრულებს.