აქტუალური
ინფლაცია 14.3 პროცენტამდე გაიზარდა

infსაქსტატის ცნობით, აპრილში 13.5 პროცენტამდე მცირე კლების შემდეგ წლიურმა ინფლაციამ მაისში 14.3 პროცენტი შეადგინა.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები მაისში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 30.7 პროცენტით გაიზარდა და ყოველწლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 12.6 პროცენტი შეადგინა.

ფასების ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ხილის ქვეჯგუფზე – 93,7 პროცენტი; ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე – 41,3 პროცენტი; ზეთსა და ცხიმზე – 34,5 პროცენტი; პურსა და პურპროდუქტებზე – 25,8 პროცენტი; ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე – 23,3 პროცენტი.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში საწვავის ფასები, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 21.4 პროცენტით გაიზარდა.

მაისში საკომუნიკაციო მომსახურებების სფეროში, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 13.1-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც 25 მაისს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8 პროცენტზე უცვლელად დატოვა, განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის ინფლაციის დაახლოებით 8 პროცენტამდე შემცირება არის მოსალოდნელი.