სამართალი
ევროპარლამენტის ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ ჩქარობენ

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ლიდერებმა მოუწოდეს წევრი ქვეყნების სახელმწიფო და მთავრობის მეთაურებს, რომლებიც 23-24 ივნისს საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადებზე გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბებიან, რომ კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ უკრაინას და მოლდოვას, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, რაც იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესის დასაწყისი.

პოლიტიკური ჯგუფის ლიდერების განცხადებაში საქართველო ცალკეა მოხსენიებული და ის მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ „იმუშაონ საქართველოსთვის იმავე სტატუსის მინიჭებაზე, ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებების შესასრულებლად“.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირმა უნდა გამოიჩინოს გამბედაობა, სიმტკიცე და ხედვა „ჩვენი ევროპელი მეზობლის, უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი აგრესიისა და საერთაშორისო გარემოს გაუარესების დღევანდელ კონტექსტში“.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი უნდა იყოს სანდო პარტნიორი და „საიმედო გეოპოლიტიკური აქტორი“, რომელიც ამართლებს საკუთარ პრინციპებსა და ღირებულებებს იმ ქვეყნების მიმართ სოლიდარობის ჩვენებით, რომლებიც იმავე იდეალებს იცავენ.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ უკრაინელებს სურთ იცხოვრონ „თავისუფალ, დემოკრატიულ და აყვავებულ ქვეყანაში, რომელიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრია“.

„ვაცნობიერებთ, რომ იმავე მისწრაფებებს იზიარებენ საქართველოსა და მოლდოვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ხალხები, რომელთა მოლოდინების უგულებელყოფა არ უნდა გაგრძელდეს“.

განცხადება იმ ფონზე გაკეთდა, როდესაც ევროპარლამენტმა გუშინ საქართველოში პრესის თავისუფლების დარღვევის თაობაზე რეზოლუცია მიიღო. წინა დღეს სტრასბურგში რეზოლუციაზე გამართული დებატების დროს, ევროპარლამენტარებმა მმართველი პარტიის მიმართ მწვავე განცხადებები გააკეთეს, ქვეყნის „დემოკრატიულ უკუსვლაში“ მისი როლის გამო.