სამართალი
944 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემა

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული დაკანონების კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 944 ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 850 დევნილ ოჯახს ახალგადაცემული ბინები უკანონდება, 94 ოჯახი კი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკანონდებათ და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.