საზოგადოება
ხელისუფლებამ თბილისი საქონლის ხორცის გარეშე დატოვა

xortsiრამდენიმე დღეა, თბილისის ბაზრებში საქონლის ხორცი არ ჩანს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონებში წარმოებული ხორცის დედაქალაქში შემოტანა აკრძალა. ეს აკრძალვა არ ეხება „ნატახტრისა“ და „თელეთის“ სასაკლაოებს, სადაც შესასყიდი ფასი უკვე 13 ლარია. ეს ნიშნავს, რომ ბაზარში კილოგრამის ფასი 18-20 ლარამდე აიწევს.

საქინფორმის კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ იგი თავად გახდა ხორცის რეალიზატორთა მიერ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის შემსწრე. აქციაზე შეკრებილნი აპროტესტებდნენ სურსათის უვნებლობის სამსახურის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც მათ ხორცის რეალიზაციის საშუალება არ აქვთ და იძულებულნი არიან, ცოცხალი საქონელი „ნატახტრისა“ და „თელეთის“ სასაკლაოებზე ჩააბარონ. მათი განცხადებით, რამდენიმე თვის წინათ ხორცის ბაზარზე ხელოვნურად შეიქმნა მონოპოლისტური გარემო სასაკლაოებისთვის – „ნატახტრისა“ და „თელეთის“ – ხორცის წარმოების ექსკლუზიური უფლებით მიცემით. მონოპოლისტების მომგებიანი საქმიანობით დაზარალებულ ჩვეულებრივ ადამიანებს უძვირდებათ პროდუქტი ან ვერ ყიდიან საკუთარ პროდუქტს მათთვის მისაღები პირობებით. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამსახურის მიერ მათი საქმიანობის შეზღუდვა მწარმოებელთა და რეალიზატორებისთვის წამგებიანი და მიუღებელია.

ამ ორი დღის განმავლობაში საქონლის ხორცი 3-5 ლარით გაძვირდა. რეალიზატორები ამბობენ, რომ თუ თავისუფალი ვაჭრობის უფლება არ მიეცათ, დედაქალაქში ხორცის დეფიციტი შეიქმნება. მათი განცხადებით, მათ უფლება უნდა ჰქონდეთ, ხორცი რაიონებში ადგილზევე დაამზადონ, რადგან მხოლოდ ორი სასაკლაოს არსებობა და ცოცხალი საქონლის იქამდე ტრანსპორტირება გაუსაძლის ზედმეტ ხარჯებს იწვევს, რაც თავისთავად, არარენტაბელურია მწარმოებლისთვისაც და მყიდველისთვისაც ფასზე აისახება. ფაქტობრივად, ისინი ამ ორმა სასაკლაომ უმუშევრები დატოვა, ყოველგვარი შემოსავლის გარეშე – რადგან აუკრძალეს თბილისში ხორცის შემოტანა და გაყიდვა როგორც საბითუმო, ისე საცალო ბაზარზე.