აქტუალური
შალვა პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და სამომავლო გეგმას მიმდინარე კვირაში წარადგენს

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის ბიურომ მიმდინარე კვირის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრა. კანონმდებლები ოცდაათამდე საკითხს, მათ შორის, დაჩქარებული წესით წარმოდგენილ კანონპროექტებს განიხილავენ. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, სამშაბათს, 7 ივნისს, პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული პოლიტიკური განცხადებების შემდეგ კანონპროექტების განხილვა შედგება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ხვალვე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავისუფალი ტრიბუნით ისარგებლებს.

ოთხშაბათს, 8 ივნისს, გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

პლენარულ სხდომას მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ხუთშაბათს, სავარაუდოდ, დეპუტატები ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს უყრიან კენჭს.

​ამავე დღეს, პარლამენტი, „მინისტრის საათის“ ფორმატში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს.