საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ადვოკატის, თენგიზ კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სასამართლოს გირაოს დაწესების შუამდგომლობით მიმართავენ.
„ინტენსიური შეხვედრა და კომუნიკაცია გამაჩნია ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ბატონ გალიფთან. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება. ასევე, დაცვის მხარეც არ ვეთანხმებით, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არარეალურია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ჩვენ კი გირაოს შუამდგომლობით მივმართავთ“, - განაცხადა ადვოკატმა, თენგიზ კახიძემ.
მისი თქმით, რა რაოდენობის გირაოზე იქნება საუბარი, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„ჩვენ გაგვაჩნია მტკიცებულებები, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მის საძინებელ თუ სამუშაო ოთახში აღმოჩენილი არ არის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ამ პერიოდში ბატონი გალიფი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო ადეკვატურ, სამართლიან და ჰუმანურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით ჯერ ბრალის დადგენილება არ გაგვაჩნია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, საგამოძიებო მოქმედებები და პროცესები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, არავითარი დასაბუთებული ვერდიქტი არ გვაქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი ბათუმში დააკავა.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.
როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.