საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
ფორუმი, რომელსაც სლოვაკეთის დედაქალაქი 2-4 ივნისს მასპინძლობს, GLOBSEC-ის პრეზიდენტმა რობერტ ვასმა გახსნა.
გახსნის ღონისძიების მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებს სიტყვით მიმართეს სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
GLOBSEC-ის 2022 წლის, რიგით მე-17 ფორუმის მთავარი თემაა მსოფლიოში უსაფრთხოებისა და ქვეყნების მდგრადობის განმტკიცების გზებზე მსჯელობა, უკრაინის მხარდასაჭერად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროპული სამეზობლოს გაძლიერება, ასევე, დასავლეთის რესურსების მობილიზაცია ქვეყნების მდგრადობის განსამტკიცებლად.
ფორუმის გახსნას სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ედუარდ ჰეგერი და ფორუმში მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელმძღვანელები, სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები დაესწრნენ.
GLOBSEC 2022-ი დელეგატებს 67 ქვეყნიდან მასპინძლობს, მათ შორის ათი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრია, ასევე, იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები.