უცხოეთი
თურქეთის საერთაშორისო დასახელება Turkey-ის ნაცვლად Türkiye იქნება

 საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა, რომელიც უცხო ენაზე ქვეყნის სახელწოდების მართლწერის შეცვლას ეხებოდა.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, ამიერიდან ყველა საერთაშორისო ფორუმზე, ორგანიზაციებისა და სახელმწიფოების მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტებში გამოყენებული იქნება სახელწოდება Türkiye, ნაცვლად ისეთი დასახელებებისა, როგორებიცაა Turkey, Turkei, Turquie და სხვა.

საერთაშორისო ასპარეზზე Turkey-ის ნაცვლად Türkiye-ის გამოყენების თაობაზე გაეროსთვის მიმართვამდე, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ მათი მიზანი საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის პრესტიჟის გაზრდა იყო.

„პროცესი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის ასამაღლებლად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით დავიწყეთ, დასასრულს უახლოვდება“, – აცხადებდა ჩავუშოღლუ 31 მაისს.

გაერომ თურქეთის მიმართვა გუშინ, 1-ელ ივნისს დააკმაყოფილა.

reginfo.ge