სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა

 საქართველო, 2 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა.

დოკუმენტი 154-გვერდიანია, რომელსაც მთავრობის ხელმძღვანელი საკანონმდებლო ორგანოს ივნისის ბოლომდე პირადად წარუდგენს. მოხსენება იწყება ევროინტეგრაციის პროცესზე საუბრით და აღნიშნულია, რომ მთავრობის ძალისხმევით, სამთავრობო პროგრამის შესაბამისად, გრძელდება რეფორმების განხორციელება და სახელმწიფოს მშენებლობის პროცესი, რომელიც თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა.

მთავრობის ცნობით, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალური განაცხადით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რითაც ისტორიული ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის მდგრადი, ინკლუზიური და მშვიდობიანი განვითარებისაკენ.

საქართველოს მთავრობა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურების კვალდაკვალ, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მთავრობის თანმიმდევრულ მუშაობას, სექტორული რეფორმების დაჩქარებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, რაც დღეს ქვეყანაში შეუქცევადად მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში ინტენსიური მუშაობა წარიმართა და ხელშესახები შედეგები დაფიქსირდა სამთავრობო პროგრამის 4-ივე საკვანძო მიმართულებით.

ევროკავშირში გაწევრიანების ისტორიული განაცხადის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ დაჩქარებულ რეჟიმში იმუშავა ევროკომისიისგან მოწოდებული თვითშეფასების კითხვარის შევსებაზე. კითხვარის ორივე ნაწილი ვადაზე ადრე იქნა შევსებული და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გადაეცა ევროკავშირის ელჩს საქართველოში. გრძელდება თანმიმდევრული რეფორმები ასოცირების დღის წესრიგის შესაბამისად.

დინამიკურად ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, არსებული ფორმატებისა და პრაქტიკული მექანიზმების მეშვეობით. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებისა და ალიანსში ინტეგრაციისთვის მზადყოფნის მიმართულებით. საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო სტრატეგიული მოკავშირე რეგიონში, რაც არაერთხელ დადასტურდა მტკიცე ორპარტიული აქტების მიღებით, გამოყოფილი დაფინანსებითა და საქართველოში აშშ-ის მაღალი დონის წარმომადგენელთა ვიზიტებით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, ქვეყნის დეოკუპაცია, დევნილი მოსახლეობის მშვიდობიანი დაბრუნება და ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მათ მიმდებარედ მცხოვრებ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე მუშაობა მთავრობის მუდმივი საზრუნავი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

აქტიური ძალისხმევაა მიმართული ყველა შესაძლო ფორმატის გამოყენებაზე, რათა საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალური მობილიზება იქნას მიღწეული რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო ზემოქმედების მიმართულებით. მშვიდობის, მშენებლობისა და ნდობის აღდგენის მიზნით, ინტენსიურად გრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელება“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ გასული პერიოდი მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხითაც და საფუძველი ჩაეყარა თავდაცვისუნარიანობისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივას (GDDEI), რითაც ხელი შეეწყობა ნატო-ს სტანდარტის მიღწევასა და ქვეყანაში ტოტალური თავდაცვის განვითარებას. მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნა მიმართული კიბერუსაფრთხოების გაძლიერებისა და ჰიბრიდულ საფრთხეებთან გამკლავების შესაძლებლობების გაზრდისკენ.

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოსა და მართლწესრიგის მიმართულებით, გაგრძელდა რეფორმები საპოლიციო საქმიანობის დახვეწისა და დანაშაულთან ბრძოლის სისტემის გაუმჯობესებისათვის. მიმდინარეობს ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და მუდმივი ყურადღება ეთმობა უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესებას, მათი ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხარისხის ასამაღლებლად“, – ნათქვამია მოხსენებაში.

მთავრობის ანგარიშში საუბარია ეკონომიკურ პარამეტრებზეც. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის შემცირებამ და კორონავირუსის შემთხვევების ეფექტიანმა მართვამ ხელი შეუწყო პანდემიის უარყოფითი ეკონომიკური ეფექტების შერბილებას.

აღსანიშნავია, რომ ფიქსირდება ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესების დადებითი ტენდენციები. 2021 წელს ორნიშნა − 10,4%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ეს კი პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით 2,9%-ით მეტია. ეკონომიკის აღდგენის პოზიტიური ტემპი გაგრძელდა 2022 წელსაც და იანვარი-აპრილის მონაცემებით, ქვეყნის ეკონომიკა 10.8%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საშუალოვადიანი პროგნოზის მიხედვით, 2022-2027 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა როგორც რეგიონში, ისე – ევროპაში.

2021 წელი რეკორდული იყო ექსპორტის, ადგილობრივი ექსპორტის, იმპორტისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის მიხედვით“, – ნათქვამია მოხსენებაში.

დოკუმენტში ყურადღებაა გამახვილებული სოციალურ პოლიტიკაზეც და აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი ყველაზე დიდ ტვირთად დააწვა ჯანდაცვის სექტორს და 2021 წლის ბოლოს-2022 წლის დასაწყისში ინფიცირების მატება ფიქსირდებოდა.

ამის გამო, რესურსები მიიმართა დაავადების როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე ეფექტიანი მართვისკენ. პანდემიის დაწყებიდან მილიარდ ლარზე მეტი იქნა მობილიზებული სახელმწიფოს მიერ მოქალაქეთათვის ხარისხიანი სერვისის მისაწოდებლად. მთავრობის მიერ გადადგმული პროაქტიული ნაბიჯების შედეგად, საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო COVID-19-ის სამკურნალო საშუალება − „პაქსლოვიდი“ და უზრუნველყო პაციენტებისთვის მისი უსასყიდლოდ მიწოდება.

კორონავირუსის მართვის პარალელურად, სახელმწიფო მუდმივად ზრუნავდა მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობაზე. 2021 წელს ამოქმედებული „პენსიის ინდექსირების“ წესის მიხედვით, გაიზარდა სახელმწიფო პენსია, გაუმჯობესდა და გაფართოვდა სოციალური პაკეტები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

გრძელდება განათლებისა და მეცნიერების სისტემის სტრუქტურული რეფორმირება, რათა ქვეყანაში შეიქმნას სწავლისა და კომპეტენციების განვითარების უწყვეტი შესაძლებლობები ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის, რაც ეფუძნება სისტემაში ხარისხის ამაღლებას, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების განმტკიცებას“, – აღნიშნულია მოხსენებაში.