როგორც აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა 3 ივნისს განაცხადა, „26 მაისის ქუჩის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ მომხდარი გადაცდომების სერიოზული გამოძიება ხელისუფლების მიმართ ნდობის ასამაღლებლად ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“.
„ნათელია, რომ აქციის დაშლის შემდეგ ადგილი ჰქონდა გადაცდომებს“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ იგი შეშფოთებულია ადამიანების გაუჩინარებისა და დაკავების საკნებში დაკავებული მომიტინგეების ცემის შესახებ ინფორმაციების გამო.
„ვფიქრობ, იმისათვის, რომ ნდობა ამაღლდეს ამ ხელისუფლების მიმართ, რომელიც წინ მიიწევს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდონ ამ განცხადებებს და ინფორმაციებს და სერიოზული გამოძიება ჩაატარონ, რადგანაც ეს ერთადერთი გზაა, რათა ამაღლდეს საზოგადოების ნდობა ხელისუფლებისა და მისი ინსტიტუტების პასუხისმგებლობისა და ობიექტურობის მიმართ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.მისი თქმით, ვარაუდები, რომ საპროტესტო აქციის შესახებ მისი 25 მაისის განცხადება „მწვანე შუქი“ იყო ხელისუფლებისთვის აქციის დასაშლელად, „უსაფუძვლოა“. ამგვარი განცხადება რამდენიმე ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, მათ შორის, „ქართული პარტიის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა, გააკეთა.
„ასეთი განცხადებები უსაფუძვლოდ მიმაჩნია“, – განაცხადა ჯონ ბასმა და დასძინა, რომ აშშ საქართველოს ხალხს უჭერს მხარს და არა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს.
„ჩვენ რაიმე კონკრეტულ შედეგს არ ვეძებთ, ჩვენ კონკრეტულ პიროვნებას ან პარტიას არ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში; ჩვენ მხარს ვუჭერთ ძლიერი, ლეგიტიმური ინსტიტუტების განვითარებას, საარჩევნო სისტემებსა და პროცესებს“.
„ამ კონტექსტში მე განვაცხადე, სანამ საპროტესტო აქციას დაშლიდნენ და მის შემდეგაც, რომ ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ დემოკრატიულ საზოგადოებებში უნდა არსებობდეს პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება და მოქალაქეთა უფლება – თავისუფლად გამოთქვან თავიანთი შეხედულებები. თუმცა მე, ასევე, ვთქვი, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ უფლებებს არანაირი პასუხისმგებლობები არ სდევს თან და რომ ამ ხალხს შეუძლია სადაც უნდა და როცა უნდა, გამოხატოს პროტესტი და რომ ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს, რომ პატივი სცენ სხვა მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც შესაძლოა, არ გამოხატავდნენ პროტესტს“, – განაცხადა ბასმა.
„მიმაჩნია, რომ კარგი კომპრომისის პოტენციალი არსებობდა – მომიტინგეებს მისცეს შესაძლებლობა, სხვაგან გაემართათ აქცია; მათ უარი თქვეს ამის გაკეთებაზე. იმ მასაში აშკარად იყო ხალხი, ვინც ძალადობას ეძებდა და ეს შემაშფოთებლად ჩავთვალე“, – განაცხადა მან.