საქართველო, 1 ივნისი, საქინფორმი. 2022 წლის აპრილში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წელთან შედარებით 58.8 პროცენტით მოიმატა და 308.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 1.5 პროცენტით 25.4 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
„საანგარიშო თვეში, რეგიონის ქვეყნებიდან ზრდის მაღალი ტემპით, 704.9 პროცენტით ყაზახეთიდან და 156.6 პროცენტით ყირგიზეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გამოირჩეოდა, რომელთა წვლილები მთლიანი გზავნილების ცვლილებაში, შესაბამისად, 17.5 და 1.8 პროცენტული პუნქტებით აისახა. რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები აპრილში რეკორდულად მაღალი იყო და 133 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 4-ჯერ მაღალი აღმოჩნდა. ფულადი გადმორიცხვები თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან შემცირდა, ხოლო სომხეთიდან მცირედით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში წლიურ დონეზე ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული თანხები 5.8 პროცენტით გაიზარდა, რაც, ძირითადად, გერმანიიდან, იტალიიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაზრდილმა გზავნილებმა განაპირობა. საბერძნეთიდან გზავნილების მოცულობა კვლავ შემცირდა. დანარჩენი ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ზრდაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა აშშ-დან და ისრაელიდან მიღებულმა თანხებმა. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით განაწილებას, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს აპრილში 43.2 პროცენტით რუსეთი, 27.9 პროცენტით ევროკავშირის ქვეყნები და 8.1 პროცენტით აშშ წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, 2022 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.2421-დან 3.0663-მდე გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 3.5715-დან 3.3318-მდე გამყარდა. თვის ბოლოს კი, ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.0591 და 3.2338 ლარი შეადგინა.