საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ იმ პროგრამიდან ამოაგდო, რომელიც აშშ-ში რამდენიმეთვიან კურსს ითვალისწინებდა, აშშ-ში კიდევ 5 მოსამართლე არ წავიდა.
საუბარია სისხლის სამართლის ხუთ მოსამართლეზე:
ხათუნა ხარჩილავა;
ნინო ნაჭყებია;
მაია ქოქიაშვილი;
გიზო უბილავა;
რომეო ტყეშელაშვილი.
ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას პატიმრობა 16 მაისს მიუსაჯა. 20 მაისს ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსამართლე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან ამოაგდო. 24 მაისს, მომხდარის შესახებ ლაპარაკისას, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს განმარტებები მოსთხოვა და თქვა:
"ვინმეს მართლაც რომ ეკადრა მოსამართლისთვის ვიზიტის გაუქმება, დარწმუნებული ვარ, ეს პირიქით უკუშედეგს გამოიღებდა და ვიზიტს სხვა მოსამართლეებიც გააუქმებენ. საქართველოში კარგად იციან ღირსებისა და კოლეგიალობის ფასი და დარწმუნებული ვარ, კოლეგა მოსამართლის დისკრიმინაციის ფონზე, ამერიკაში წასვლას არცერთი სხვა მოსამართლე აღარ იკადრებდა. საქართველოს ხელისუფლება გვერდით დაუდგება ყველა მოსამართლეს, რომელიც ბოროტი პოლიტიკური ძალისგან ბულინგის და ზეწოლის ობიექტი შეიძლება გახდეს".
ფორმულას ინფორმაციით, იმ პროგრამას, რომელიც მოსამართლეებისთვის ფლორიდაში იმართება, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან.