პუბლიკაციები
რუსულ-ბელორუსულ-უკრაინული იმიგრაცია და პოლიტიკური დესტაბილიზაციის შესაძლებლობა საქართველოში

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი.

ევრაზიის ინსტიტუტის ბლიც-გამოკვლევა

როგორც ცნობილია, საქართველოს ტერიტორიაზე ამჟამად ბევრი რუსი, ბელორუსი და უკრაინელია შემოსული, რომელთა ერთი ნაწილი პოლიტიკურ აქტიურობას ავლენს და რუსეთისა და მისი ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურ საქმიანობას ეწევა. ქართველებს უკვირთ, საიდან აქვს ამ ხალხს, რომელთა უმეტესი ნაწილი ახალგაზრდა თაობას ეკუთვნის, ფული - ბინების ქირაობისას არენდის ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვენ, თან საკმაოდ ნორმალურად იხდიან. მაგრამ ეს ახალგაზრდები ხომ მოწყვეტილნი არიან რუსეთში, ბელორუსიასა თუ უკრაინაში თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს ისევე, როგორც სამსახურებს. ყველაზე ხარისხიანი ინტერნეტის ქონის შემთხვევაშიც კი ვერ იმუშავებ დიდხანს დისტანციურ რეჟიმში, ასე თუ ისე საჭიროა სამუშაო ადგილზე გამოჩენა. ყველაფერთან ერთად, რუსული ბანკების ანგარიშებიდან ფულის მოხსნის პრობლემაც არსებობს, ქართულ ბანკომატებში რუსული ბარათებით ამის გაკეთება პრობლემატურია და ასეთ პრობლემათა ნუსხა შეიძლება, გაგრძელდეს. ანუ ვითარების ალოგიკურობა აშკარაა.

ამ სტრიქონების ავტორი თბილისის ერთ კაფეში შეხვდა რუსულენოვან წყვილს, რომელიც პლანშეტსა და ნოუტბუკში დოკუმენტებს ავსებდა. ისინი სწავლობდნენ ამერიკული და კანადური ვიზების მიღების მეთოდებს, ასევე რუსეთიდან და ბელორუსიიდან გამოქცეულებისთვის იურიდიული დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობებს. მათი განხილვის საგანი, ყველაფერთან ერთად, იყო ქართველ სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის მეთოდიკა. ასეთ წყვილებს მარტო მე არ გადავყრივარ.

არ იქნება სწორი, რომ რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან ჩამოსულ ყველა ემიგრანტზე რაიმე ცუდი ეჭვი მივიტანოთ; პირიქით, მათ უმრავლესობაზე ცუდი არ ითქმის, მაგრამ მათ შორის არის პირთა გარკვეული კატეგორია, რომელიც სამართალდამცავების მაღალ ინტერესს უნდა იწვევდეს. ისინი ე. წ. პუტინის და ლუკაშენკოს „რეჟიმების მოწინააღმდეგეები“ არიან, რომლებიც საქართველოს ტერიტორიასა და რესურსებს იყენებენ რუსეთისა და ბელორუსიის საწინააღმდეგო ძირგამომთხრელი საქმიანობის საწარმოებლად. ეს კი უკვე ავტომატურად ეწინააღმდეგება საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს, თუმცა ცალკე აღებული მაგალითებით ჩანს, რომ იმიგრანტები არ შემოიფარგლებიან თავიანთი წარმომავლობის ქვეყნების წინააღმდეგ ბრძოლით, ისინი აქტიურად ერევიან შიდაქართულ პოლიტიკურ საქმეებში, რითაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის რისკებს ამრავლებენ.

საქართველოში პოლიტიკური იმიგრაციის თემასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩავატარეთ ბლიც-გამოკვლევა და მივედით დასკვნამდე, რომ რუსეთიდან, ბელორუსიიდან და უკრაინიდან შემოსულ პოლიტიკურ ემიგრანტებს დესტრუქციული მიზნები ამოძრავებთ. მათ არა მხოლოდ „პუტინის რეჟიმი“ და „ლუკაშენკოს რეჟიმი“ აღელვებთ, არამედ ისიც, რომ ბოლო დროს, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, შეინიშნება გარკვეული სტაბილიზაცია და საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებში ატმოსფეროს გაუმჯობესებაც. მოსკოვში ძალზე დადებითად მოეკიდნენ საქართველოს მთავრობისა და მთავრობის ხელმძღვანელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ აპირებს შეუერთდეს ანტირუსულ ეკონომიკურ სანქციებს და, მით უმეტეს, გახსნას ე. წ. მეორე ფრონტი თავისი დიდი ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ. რუსეთის წამყვანი ჟურნალისტები საქართველოზე მხოლოდ კარგს ამბობენ. მაგრამ დიპლომატიურ სარბიელზეც გვაქვს საინტერესო სიახლეები: მომლაპარაკებლებს - ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის ბოლოს გამართული სატელეფონო საუბრის ფარგლებში, რუსმა კოლეგამ დაარწმუნა საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი იმაში, რომ რუსეთმა შეისმინა თბილისის პოზიცია სამხრეთ ოსეთში ე. წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვი არანაირად არ უჭერს მხარს ამ რეფერენდუმს. ეს სერიოზული სიგნალია მთელი ქართული საზოგადოებისათვის, რომელიც ჯეროვნად უნდა შეფასდეს.

ძალთა ამგვარი გადანაწილება დასავლეთს სტრატეგიულად არ აძლევს ხელს. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კულუარებში ხომ უკვე ლაპარაკობენ კიდეც, რომ დასავლეთმა ფრთხილად, მაგრამ მიზანმიმართულად დაიწყო ზეწოლის განხორციელება ჩვენი ქვეყნის არაფორმალურ ლიდერზე, ბიძინა ივანიშვილზე, უქმნის მას რა გარკვეულ, ფინანსური ხასიათის სირთულეებს, რათა მან საქართველოს მთავრობის რუსულ პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს და ეს პოლიტიკა დასავლეთისთვის სასურველ კალაპოტში გადაამისამართოს. ნაკლებ ფრთხილად, დაუფარავად და უზრდელურად აკეთებს ამას კიევის რეჟიმი, მიუხედავად იმ მასობრივი ჰუმანიტარული დახმარებისა, რომელსაც უკრაინელებს ქართველი ხალხი და ქართული სახელმწიფო უწევს (შენიშვნა: როდესაც ეს კვლევა თითქმის უკვე მზად იყო, გავრცელდა აშშ სახელმწიფო მდივნის, ე. ბლინკენის წერილის შესახებ ინფორმაცია, რომელიც 22 აპრილითაა დათარიღებული და მისი ადრესატი საქართველოს საგარეო მინისტრია და რომელშიც აღნიშნულია: “მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გადადგას ყველა შესაძლებელი ნაბიჯი უკრაინის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციამ პასუხი აგოს ომის დანაშაულებისთვის”).

ბლიც-კვლევის ჩატარების შედეგად, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ზემოთ აღნიშნულ იმიგრანტთა კატეგორია შემდეგი მიზნების განხორციელებისკენ ისწრაფის:

1. გამოიყენოს რუსეთთან მოსაზღვრე საქართველოს ტერიტორია პლაცდარმად, თავის საქმიანობაში, რომელიც მიმართულია რუსეთის და ბელორუსიის სამოკავშირეო სახელმწიფოს წინააღმდეგ;

2. ძირი გამოუთხაროს ურთიერთობებს საქართველოსა და რუსეთს შორის (ასევე საქართველოსა და ბელორუსიას შორის);

3. შეძლებისდაგვარად დაასუსტოს (დისკრედიტაცია გაუკეთოს) საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება და მხარი დაუჭიროს რადიკალურად ანტირუსულ ოპოზიციას.

სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედებს არა ერთი და არა ორი ორგანიზებული ჯგუფი გარე ძალების მიერ დაფინანსებული და მართული იმიგრანტებისა, რომელთათვისაც საქართველოს ინტერესები სულერთია. მაგრამ, კვლევის პირველ ეტაპზე, ჩვენ ყურადღების ფოკუსირება მოვახდინეთ რუსეთის მოქალაქეების მიერ დაარსებულ და საქართველოში მოქმედ ორ ორგანიზაციაზე. ჩვენ ასევე დავინტერესდით საერთო სურათით, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინელი დევნილების ყოფნას ასახავს. მაშ ასე, გთავაზობთ ჩვენი ბლიც-კვლევის შედეგების მიმოხილვას.

«ფონდი თავისუფალი რუსეთი»

ორგანიზაცია სახელწოდებით „თავისუფალი რუსეთი“, რომელიც სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია, როგორც “Free Russia Foundation”, დარეგისტრირებულია საქართველოში, 2019 წლის 29 ივლისს (საიდენტ. კოდი: 402141295). „თავისუფალი რუსეთის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი გახლავთ ეგორ კუროპტევი, დაბადებული რუსეთში, 1986 წლის 23 აპრილს. კუროპტევი ალექსეი ნავალნის აქტიური მხარდამჭერი და ყოველივე რუსულის მაძაგებელია. რუსეთიდან უკვე კარგა ხანია, გამოიქცა და ძირითადად საქართველოში ცხოვრობს, ვინაიდან, რუსულ პასპორტთან ერთად, მას ქართული პირადობის მოწმობაც აქვს (გარკვეული დროის მანძილზე, კუროპტევი ქორწინებაში იმყოფებოდა რუსულენოვან ქართველ ჟურნალისტ ეკატერინა კოტრიკაძესთან, რამაც მას საქართველოში მუდმივი ბინადრობის საშუალება მისცა). კუროპტევის ერთ-ერთი ძირითადი თანაშემწე საქართველოში არის ნიკოლაი ლევშიცი, რომელსაც საქართველოს შესახებ არსებული ყველაზე მრავალრიცხოვანი ტელეგრამ-არხი აქვს.

საკუთრივ ორგანიზაცია „თავისუფალი რუსეთი“ წარმოადგენს 2014 წელს ვაშინგტონში დაარსებული სათავო ორგანიზაციის ფილიალს და იგი მთელი კავკასიის რეგიონს მოიცავს, თუმცა ეს მომენტი არ ასახულა ქართული იუსტიციის სარეგისტრაციო დოკუმენტებში „თავისუფალი რუსეთის“ შესახებ. „თავისუფალი რუსეთი“ წარმოადგენს ვაშინგტონიდან მართულ ქსელს და ფლობს ფილიალებს პრაღაში, ბერლინში, კიევსა და თბილისში. ორგანიზაციას სათავეში უდგას დევიდ კრამერი - აშშ სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე „დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის“ საქმეებში, რომელიც ხშირად აკრიტიკებს საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, ახლა კი ღია შეტევაზე გადავიდა და მოუწოდა ოფიციალურ ვაშინგტონს, საფინანსო სანქციები დაწესდეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ!

ამ ორგანიზაციის უკან დგას მიხაილ ხოდორკოვსკი - ადამიანი, მილიარდერი, რომელმაც ქონება არაკეთილსინდისიერი გზით დააგროვა და რუსეთის სანავთობე სიმდიდრეების ამერიკაზე მიყიდვა სურდა. რუსეთის სასამართლომ იგი ასევე კონკურენტი ბიზნესმენების შეკვეთილ მკვლელობებში ამხილა და ხოდორკოვსკიმ დაახლოებით 10 წელი გაატარა ციხეში, შემდეგ კი პრეზიდენტმა პუტინმა შეიწყალა. ხოდორკოვსკი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, სადაც 2014 წელს ქსელური მოძრაობის სახით აღადგინა ორგანიზაცია სახელწოდებით „ღია რუსეთი“. ხოდორკოვსკიმ, რომელმაც პარალელურად ამავე დასახელების ფონდი გახსნა, მსოფლიოს მასშტაბით ძალზე გავლენიანი რამდენიმე პირის მხარდაჭერა, მათ შორის, ჰენრი კისინჯერისა და ჯეიკობ როტშილდისა, მოიპოვა.

„ღია რუსეთი“ მართლაც ღიად აწარმოებდა ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას რუსეთის ტერიტორიაზე - თავის მიერ დაფინანსებული პროექტების მეშვეობით. ამ პროექტებს ადგილებზე კონკრეტული დაქირავებული პირები ემსახურებოდნენ (მათი ქმედებები სამართალდამცავების მოსყიდვის მცდელობებამდეც მიდიოდა). „ოტკრიტკები“, როგორც „ღია რუსეთის“ წევრებს ჟარგონზე ეძახდნენ, არა მხოლოდ ხარობდნენ რუსეთის ნებისმიერი მინუსებით, არამედ ხელს უწყობდნენ, რომ ეს მინუსები, რაც შეიძლება, უხვად ყოფილიყო. ყველაფერთან ერთად, ისინი ახალისებდნენ ისეთ ჟურნალისტებს (პრემია „პროფესია - ჟურნალისტი“), როგორც ჰ. ზეპელტს - გერმანელი ავანტიურისტი, რომელმაც ვითომ „გამოავლინა“ რუსეთის ოლიმპიური სისტემის სადოპინგე დარღვევები, ვულგარულ ბლოგერ იური დუდს, ბელორუსული ექსტრემისტული ორგანიზაცია „ნეხტას“ ფსევდოჟურნალისტებს და სხვებს. ორგანიზაციამ არსებობა (ოფიციალურად) შეწყვიტა 2021 წელს, რუსული სამართალდამცავი ორგანოების მიერ რუსეთის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის შემდეგ.

ხოდორკოვსკის საქმიანობა, რომელიც 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას მიესალმა, თურქულ მასმედიაში გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორ ფეთჰულა გიულენისა და მისი „ფეტოს“ მოქმედებებს შეადარეს. ხოდორკოვსკის ანალოგიური მცდელობა არ ატარებდა ასეთ აშკარა ხასიათს, ყოველ შემთხვევაში, რუს სამხედროებამდე იგი ვერ მივიდა, მაგრამ გადატრიალების მცდელობები მისი მხრიდან მაინც იყო. რაც მთავარია, იგი არ ეშვება ოცნებას იმაზე, რომ რუსეთში ძალისმიერი გადატრიალების მოწყობას შეძლებს (რადგანაც „სამოქალაქო დაუმორჩილებლობა“ არ გამოდის).

არ აგვერიოს ორი ორგანიზაციის - „ღია რუსეთისა“ და ჩვენი კვლევის ობიექტის - „თავისუფალი რუსეთის“ დასახელებები. თუმცა ეს მეორე ორგანიზაციაც მიხაილ ხადარკოვსის და მის დაფინანსებას უკავშირდება. ურთიერთკავშირის აფიშირება არ ხდება, თუმცა მაინცდამაინც არც მალავენ. ხოდორკოვსკიმ, კიდევ ერთ რადიკალ, რუსეთიდან გაქცეულ მოჭადრაკე გარი კასპაროვთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „თავისუფალი რუსეთის“ ღონისძიებებში, ბოლო ასეთი შეხვედრა ვილნიუსში შედგა.

სურათზე: მ. ხოდორკოვსკი (მარჯვნივ) და გარი კასპაროვი „თავისუფალი რუსეთის“ ფორუმზე.

მაგრამ არანაკლებ საინტერესოა, რომ „ღია რუსეთის“ ყოფილი დირექტორი ანასტასია ბურაკოვა სტამბულში დამკვიდრდა და, ხოდორკოვსკის დავალებით, თურქეთის ტერიტორიაზე ვინმე ანდრეი დავიდოვთან ერთად ანტირუსული საქმიანობის წარმოების პარალელურად, იგი კავშირზე იმყოფება „თავისუფალი რუსეთის“ კუროპტევის ქართულ ორგანიზაციასთან. საუბარია ხოდორკოვსკის ახალ პროექტზე - „კიდობანი“ („Ковчег“).

  „სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების ადამიანები გაერთიანდნენ უკრაინასთან ომის წინააღმდეგ. ჩვენ ავამუშავეთ პროექტი „კიდობანი“ - დახმარების სერვისი რუსეთელებისთვის, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, დაეტოვებინათ ტოტალიტარული რუსეთი საკუთარი ანტისაომარი პოზიციის გამო. შემოგვიერთდით!“ – ასე წარადგინა, სოციალური ქსელების მეშვეობით, თავისი პროექტი თავად პროექტის ავტორმა მ. ხოდორკოვსკიმ, რომელმაც მოახეხა რუსეთში ნაპარავი მილიარდების ნაწილის შენარჩუნება და არაფრის დიდებით არ ცხრება. „კიდობანი“ საქართველოშიცაა ამოქმედებული, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კუროპტევის „თავისუფალი რუსეთის“ სახით და ორგანიზაციის სტამბულის უჯრედთან ურთიერთქმედებით. თურქეთთან და საქართველოსთან ერთად, პროექტი სომხეთშიც მუშაობს. აი რა დაწერა „თავისუფალმა რუსეთმა“ თავის გვერდზე „ფეისბუკში“ , 2022 წლის 2 მაისს:

„2019 წლიდან მოყოლებული, ჩვენ, სამხეთ კავკასიის Free Russia Foundation-ში, დახმარებას ვუწევთ მათ, ვინც იძულებული გახდა, პოლიტიკური დევნის გამო, რუსეთი დაეტოვებინა. ამჟამად ჩვენთან ფუნქციონირებენ შელტერები თბილისსა და ერევანში, სადაც შეგიძლიათ, გაჩერდეთ, ვიდრე არ იპოვნით მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. ჩვენ ასევე დაგეხმარებით, გაერკვეთ ახალ ქვეყანაში: გიპასუხებთ ყოფით შეკითხვებზე, მოგაწვდით საჭირო კონტაქტებსა და ხელს შეგიწყობთ ადაპტაციაში“.

მაშასადამე, რაიმე კარგის მოლოდინი „თავისუფალი რუსეთის“ მხრიდან არ უნდა გვქონდეს. მაგრამ როგორ შეუძლიათ რუს ან ბელორუს ემიგრანტებს ვითარებაზე გავლენის მოხდენა? - შეიძლება, ეს შეკითხვა გაუჩნდეთ მკითხველებს. საქმე მხოლოდ ხოდორკოვსკის ან, შესაძლოა, დასავლეთის სპეცსამსახურების მიერ გაწეულ დაფინანსებაში არ გახლავთ. საქართველოში კუროპტევის მსგავსი ემიგრირებული რუსები და სხვები მჭიდროდ მოქმედებენ ადგილობრივ დესტრუქციულ ოპოზიციასთან ერთად, ოპოზიციასთან, რომელიც აქტიურად ცდილობს, საქართველო რუსეთს შეეჯახოს და მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების იმედებს იტოვებს. პოლიტიკურმა ემიგრანტებმა ჩვენს ქვეყანაში ადაპტაცია გაიარეს, ოპოზიციის მხრიდან ღებულობენ პოლიტიკურ, მორალურ და იურიდიულ მხარდაჭერას. ასეთ პირობებში ემიგრანტები თავისუფლად ატარებენ ჩვენს ტერიტორიაზე ანტირუსულ მიტინგებს, მოუწოდებენ ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლების დამხობისკენ, მართავენ მრგვალ მაგიდებსა და კონფერენციებს არა სამეცნიერო მოხსენებებით, არამედ ღიად ექსტრემისტული საკითხებით...

გიგა ბოკერია, რომელმაც გააჟღერა ბაკურიანში გამართული ოპოზიციის კონსულტაციები ამერიკელ პოლიტიკურ კონსულტანტ პიტერ აკერმანთან, „ხელისუფლების არაძალადობრივი შეცვლის მეთოდების“ თაობაზე, ფაქტობრივად კურირებს საქართველოში „თავისუფალი რუსეთის“ მოღვაწეობას (კუროპტევის მჭიდრო კავშირებზე ადგილობრივ დესტრუქციულ ორგანიზაციებთან, სააგენტო „საქინფორმი“ ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში წერდა). თბილისის 1-ლ სკოლასთან „ევროპული საქართველოსა“ და ელენე ხოშტარიას (ბოკერიას ერთ-ერთი უახლოესი იდეური თანამეინახე) მიერ „თავისუფალ რუსეთთან“ ერთად გამართული ანტირუსული მიტინგები არა იმდენად ანტირუსულია, რამდენადაც მიმართულია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ...

სურათზე: ეგორ კუროპტევი და გიგა ბოკერია 2019 წლის ივნისის „გავრილიადაზე“.

სხვათა შორის, არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი პერსონაჟიც, როგორიც ვიტალი შკლიაროვია - წარმოშობით ბელორუსი ე. წ. „პოლიტტექნოლოგი“ (რუსულ ლექსიკონში შკლიაროვისთვის უფრო შესაფერისი სიტყვა არსებობს: подрывник), რომელიც 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს უწევდა დახმარებას. ბელორუსიაში 2020 წელს მომხდარი არეულობების ერთ-ერთი მამოძრავებელი, როდესაც პრეზიდენტად კვლავ არჩეული ლუკაშენკოს დამხობას ცდილობდნენ, შკლიაროვი იყო. ამის გამო იგი ბელორუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს, მისი ბრალი დამტკიცდა და სასამართლომ სასჯელი მიუსაჯა, თუმცა მალევე მინსკში მაშინდელი აშშ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩავიდა და შკლიაროვისთვისაც მოიცალა (ფორმალურად პომპეოს ჰქონდა ამის საბაბი - შკლიაროვს ამერიკული მოქალაქეობა აქვს); „პოლიტტექნოლოგი“ ჯერ ციხიდან შინაპატიმრობაში გადაიყვანეს, რის შემდეგ საკმაოდ მალე საერთოდ გაათავისუფლეს და ამერიკაში გაუშვეს. ახლა ეს შკლიაროვი ისევ საქართველოშია და „თავისუფალ რუსეთთან“ თანამშრომლობს.

სურათზე: ვიტალი შკლიაროვი

როგორც ზემოთ ნახსენები ბოკერია, ისე კუროპტევი, დაინტერესებულნი არიან რუსეთიდან, ბელორუსიიდან და ა. შ., საქართველოში ანტირუსულად განწყობილი მიგრანტების ახალი ტალღის მოდინებაში. კუროპტევი ყველას ამშვიდებს, ვისაც საქართველოს საიმედოობაში ეჭვი უჩნდება:

„ვაცნობებ ყველას, ვინც საქართველოში განიცდის, რომ რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეებზე კონტროლი არ არსებობს. საქართველოს უშიშროების სამსახური ყოველ დღე მოდის დაქირავებულ ბინებში, სასტუმროებში, გესტჰაუსებში და აწარმოებს ახლად ჩამოსული რუსეთელების ანკეტირებას. ეს რეგისტრაციის ერთგვარი ფორმაა, ასე ვთქვათ. ვიმედოვნებ, რომ ეს ცოტა დაამშვიდებს მათ, ვინც უკონტროლო ნაკადის გამო ღელავს. ნაკადი სავსებით კონტროლირებადია საზღვრიდან, საქართველოში ყოფნის ბოლომდე“ - წერს კუროპტევი. იგი სთხოვს რუსეთის მოქალაქეებს, არ ინერვიულონ, მოვლენებს „ნორმალურ პროცესად“ აფასებს, ვინაიდან „არ არის ვიზები და მოდის დიდი ტალღა“. „რაც შეეხება საკითხს, გადასცემენ თუ არა მოსკოვში ინფორმაციას, გიპასუხებთ: ამ ტალღამდე უფრო ადრე ბევრად უფრო მეტი მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ ეს ინფორმაცია არავის არსად არ გადაუცია“ - ამბობს კუროპტევი“ (წყარო:«Эхо Кавказа», 10.03.2022).

სურათზე: ეგორ კუროპტევმა ცესკოს შენობასთან ბელორუსები მოყარა, ადგილობრივ არჩევნებზე ბელორუსული სადამკვირვებლო დელეგაციის წინააღმდეგ პროტესტით. 2021 წ. სექტემბერი.

ჩვენმა სტუმართმოყვარე ხელისუფლებამ ოდესღაც უთხრა ეგორს: „ძვირფასო, თავი იგრძენი, როგორც სახლში!“. ეგორიც ამ მოპატიჟებას სიტყვა-სიტყვით ასრულებს. გარდა იმისა, რომ კუროპტევი, ემიგრანტების მონაწილეობით მართავს მიტინგებს თბილისისა და საქართველოს ზოგი სხვა ქალაქის ცენტრში, ლოზუნგით - „პუტინი მკვლელია!“, მანვე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, განახორციელა საინფორმაციო დივერსია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც კანონები არ დაურღვევია, მაგრამ დასავლეთის მიერ უკონტროლოდ მიიჩნეოდა. საინფორმაციო იერიში კუროპტევმა ე. წ. საინფორმაციო ცენტრ „დოსიე“-ს საშუალებით მიიტანა, რომელიც ისევ და ისევ მიხაილ ხოდორკოვსკის ეკუთვნის... კუროპტევი შემდეგ უარყოფდა თავის კავშირს ხოდორკოვსკის შვილ პაველთან, მაგრამ „თავისუფალი რუსეთის“ კავშირი ხოდორკოვსკისთან აშკარაა; კუროპტევის მიერ ამ კავშირის უარყოფა საქართველოს სპეცსამსახურებისადმი მის მოწოდებასთან ერთად, ჩატარდეს ხოდორკოვსკის დივერსიულ რესურსზე გამოქვეყნებული მასალის შესწავლა, მხოლოდ ღიმილს იწვევს...

მისამართზე, სადაც იურიდიულად არის დარეგისტრირებული „თავისუფალი რუსეთი“, კერძოდ: თბილისი, დიდუბის რაიონი, თევდორე მღვდლის ქ.№ 49, ბ. 61 (ეს ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლია, ძველი აშენებული კორპუსი), 2021 წლის 12 ივლისს რეგისტრაცია კიდევ ერთმა ორგანიზაციამ, სახელწოდებით „სამოქალაქო იდეები“ (საიდენტ. ნომერი: 402189001), გაიარა. „სამოქალაქო იდეების“ დირექტორი გახლავთ კობა ბასიალაია - ელექტრონულ მისამართად „სამოქალაქო იდეებს“ იგივე მისამართი აქვს მითითებული, რაც „თავისუფალ რუსეთს“ - egor.kuroptev @ gmail.com. ბასილაიამ მიაღებინა В11 ლიცენზია ტვ „სტარვიზიას“ (თავად კი მისი დირექტორი გახდა), რომელიც 2015-2020 წლებში ფუნქციონირებდა და რუსულ ენაზე აწარმოებდა ანტირუსულ პროპაგანდას. ბუნებრივია, რომ კუროპტევი მუშაობდა ამ ტელევიზიაში, იღებდა ჰონორარებს. სხვათა შორის, კუროპტევს 2021 წელს უფიქსირდება ფულადი შემოსავალი კომპანია „კოკა-კოლასგან“. როგორც ცნობილია, „კოკა-კოლას“ ქართული კომპანიის მფლობელი თემურ ჭყონია მთავრობის ოპონირებას ეწევა.

კუროპტევი ხშირად დადის საქმიან მოგზაურობებში, იმყოფებოდა ისეთ „არადემოკრატიულ“ ქვეყნებში, როგორც აზერბაიჯანი, ყატარი, ჩინეთი... იღებს და იძლევა ინსტრუქციებს პოლონეთში, გერმანიაში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში. ძალიან სწუხს ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში „კრემლის გავლენაზე“ და ამ თემას იუტუბ-არხზე გადაცემებს უძღვნის (კუროპტევის ასეთი აქტივობები, სხვათა შორის, ნაკლებად ესიამოვნებათ სომხეთსა და განსაკუთრებით, აზერბაიჯანში!). ადამიანი, რომელიც აცხადებს, რომ ძალიან უყვარს თავისუფლება და ღიაობა, ხოლო რუსეთი არ უყვარს მისი ჩაკეტილობისა და ჟურნალისტებისადმი მტრული დამოკიდებულების გამო, თავად მალავს თავის ოფისს და „გადაუმოწმებელ“ ჟურნალისტებთან ურთიერთობას გაურბის (ჟურნალისტს, რომელმაც ტელეფონით მოკლე კომენტარი სთხოვა „თავისუფალი რუსეთის“ საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, კუროპტევმა უარი უთხრა იმ მიზეზით, რომ ციტატა: „მე საქართველოში ყველა ჟურნალისტს ვიცნობ, თქვენ არ გიცნობთ“). მიუხედავად ამისა, ჩვენ დავადგინეთ მისამართი, სადაც „შეიფარეს“ კუროპტევის ოფისი და მისი „კრიშაც“ - რას ვიზამთ, საქართველო პატარა ქვეყანაა, ვერაფერს დამალავ.

«როგორ მოვატყუოთ ქართული სახელმწიფო ორგანოები» - ინსტრუქცია საქართველოში მომავალი უკრაინელებისთვის

ასე შეიძლება დავახასიათოთ საქართველოში მომავალი უკრაინელებისთვის შექმნილი ტელეგრამ-არხის (ასევე ფუნქციონირებს ე. წ. ფონდ „მოწყალების“ ძირითადი საიტი) მოწოდებების ნაწილი. კერძოდ, იქ წერენ:

„ამჟამად საქართველოს ხელისუფლებას სიტყვიერი შეთანხმება აქვს ქართველ მესაზღვრეებთან იმაზე, რომ უკრაინელების შემოშვება რუსეთის ტერიტორიიდან მოხდეს დოკუმენტების მინიმალური რაოდენობის საფუძველზე (მანქანის მართვის მოწმობა და დაბადების მოწმობა). მიმდინარეობს მუშაობა ოფიციალური ნორმატივების შემოღებაზე. ეს ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ეს შეთანხმება ირღვევა, ჩვენ საქმეში ვრთავთ ჩვენს იურისტს და იგი ვითარებას საკონსულოს მეშვეობით აგვარებს. მაგრამ: საქართველოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს უკრაინელებთან, რომლებსაც მეორე, რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს საზღვარზე უმჯობესია, ამის აფიშირება არ მოახდინოთ და მხოლოდ უკრაინული დოკუმენტები წარმოადგინოთ. რუსეთიდან უკრაინელების შემოსვლა მიჩნეულია გადაუდებელ შემთხვევად (რადგანაც რუსეთი ქვეყანა-აგრესორია) და ზემოთ აღწერილი წესით ხდება, ხოლო მესამე ქვეყნიდან (სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი) საზღვრის გადაკვეთა ასეთ შემთხვევებს არ განეკუთვნება ანუ მესაზღვრეებს შეუძლიათ, დოკუმენტების სრული ჩამონათვალი მოითხოვონ“.

ამ ინსტრუქციიდან გამომდინარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ჰუმანიტარული მოსაზრებებით და იგი დიდ დათმობებზე წავიდა უკრაინული მხარის სასარგებლოდ, როდესაც თვალს ხუჭავს სუვერენული სახელმწიფოსთვის ლტოლვილების არც თუ მთლად უსაფრთხო შემოდინებაზე, რომელთა შორის, შესაძლოა, იყვნენ ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა არაკეთილისმოსურნენი. მაგრამ, ამას გარდა, უკრაინელ ლტოლვილებს კიდევ სთავაზობენ ქართველი მესაზღვრეების მოტყუებას, რაიმე ინციდენტის შემთხვევაში კი მათ ხელს საკონსულო დააფარებს.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის სიტყვებით, 3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში იმყოფებოდა 20723 უკრაინის მოქალაქე და ეს ციფრი ყოველ დღე იზრდებოდა (და იზრდება). ბევრი მათგანი არ საჭიროებს ქართული სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ დახმარებას, მაგრამ უკრაინელების არც თუ ისე მცირე რაოდენობა საქართველოსგან იღებს ფინანსურ დახმარებას, საცხოვრებლის ხარჯის დაფარვის სახით. სასტუმროების ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და ტურიზმის დეპარტამენი ფარავენ. ერთი მხრივ, ეს კარგია ამ სასტუმროების მფლობელებისთვის, მაგრამ ცუდია, რომ ეს მხარდაჭერა ქართველი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე ხორციელდება.

ზემოთ აღნიშნული ტელეგრამ-არხი, რომელიც საქართველოში მყოფ უკრაინელებს რჩევებს აძლევს, ასევე წარმოადგენს კუროპტევის კანტორის ერთგვარ გაგრძელებას და იგი ყოველმხრივ ცდილობს, უკრაინელი ლტოლვილები პოლიტიკურ აქციებში ჩაითრიოს. სწორედ ამ არხმა (სხვა ანალოგიურ ინტერნეტ-რესურსებთან ერთად) გამოაქვეყნა თბილისში 15 მაისს შემდგარი კუროპტევის მიტინგის - „პუტინი მკვლელია“ ანონსი. ჯერ-ჯერობით მათ ვერ შეძლეს, უკრაინელი ლტოლვილების ძირითადი მასის ადგილიდან დაძვრა, მაგრამ ასეთი მცდელობები, როგორც ჩანს, გაგრძელდება და გაძლიერდება საქართველოში ლტოლვილების ნაკადის ზრდასთან ერთად.

სურათზე: 15 მაისის მიტინგი პარლამენტთან.

Conflict Intelligence Team („კონფლიქტების დაზვერვის გუნდი“)

   კიდევ ერთი საინტერესო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში გამოჩნდა (ამ ეტაპზე მხოლოდ ფაქტობრივად, მაგრამ არა დე იურე) და რუსი ოპოზიციონრებისგან შედგება, არის Conflict Intelligence Team, შემოკლებით - CIT. უფრო ზუსტად რომ ითქვას, ეს არა პარტიული აზრით ოპოზიციური ორგანიზაციაა, არამედ უფრო თავის სახელწოდებას რომ ამართლებს, პირდაპირი გაგებით - სადაზვერვო, ნაწილობრივ საჯაშუშო ორგანიზაცია. 2014 წელს შექმნილ CIT-ს (მაშინ მას სხვა სახელწოდება ჰქონდა - “War in Ukraine”) სათავეში უდგას რუსეთის მოქალაქე რუსლან ლევიევი. სწორედ ასე წარმოუდგება იგი ფართო პუბლიკას, თუმცა მისი ნამდვილი სახელია - რუსლან ლეონიდის ძე კარპუკი (დაიბადა ხაბაროვსკში 1986 წლის 22 აგვისტოს).

CIT სირიაში და, განსაკუთრებით, დონბასში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე წერდა. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული სპეცოპერაციის შემდეგ, ბუნებრივია, იგი დაკავდა ამ სამხედრო ოპერაციით. CIT-ის ინფორმაციებს ხშირად იხმობს დასავლელ ჟურნალისტთა ნაწილი და მას „ნეიტრალურად“ მიიჩნევენ, მაგალითად, გერმანული გაზეთის “DIE WELT” (და მისი იუტუბ-არხის) მოსკოვის კორესპონდენტი კრისტოფ ვანერი.

რუს სამართალდამცავებს ლევიევის გუნდის მიმართ თუმცა კი უჩნდებოდათ შეკითხვები, მაგრამ ლევიევი და მისი ხალხი არასოდეს ყოფილან ბრალდებულნი სისხლის სამართლის დანაშაულებში. ეს იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ (როგორც „ვიკიპედიაში“ წერია) იურისტმა ლევიევმა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის რეგიონულ წარმომადგენლობაში მუშაობაც მოასწრო და თავისი გამოცდილების საფუძველზე კარგად იცის, როგორ უნდა გაუკეთოს ორგანიზება საქმეს. რუსლანი დიდი ხანია, წუწუნებს, რომ ხელისუფლებამ იგი, შესაძლოა, „ნებისმიერ მომენტში“ დააპატიმროს, მაგრამ ეს არ მომხდარა არც CIT-ის ყალბი გამოძიების შემდეგ (რომელიც მან ფრიად სპეციფიკურ დასავლურ საგამოძიებო ფონდ “Bellingcat”-თან ერთად ჩაატარა), როდესაც 2014 წელს დონბასში ჩამგდებულ მალაიზიურ „ბოინგთან“ (რეისი M17, ამსტერდამი - კუალა-ლუმპური) დაკავშირებით ბრალი რუსეთს დასდეს, არც თვით 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ლევიევი და მისი CIT, სულ მცირე, კიდევ რამდენიმე დღის მანძილზე აგრძელებდნენ თავისუფლად წერას უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ, თავად კი ამ დროს რუსეთში იმყოფებოდნენ.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლევიევმა ან უკვე გადააბიჯა კანონის ზღურბლს ან მალე იზამდა ამას, როდესაც იგი თბილისში გამოჩნდა და „იუტუბზე“ თავის ფასიან გამომწერებს აცნობა ამის შესახებ, თან დაქირავებული საოფისე ფართი აჩვენა. ლევიევმა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს დაასწრო და მშვიდობიანად გადმობარგდა საქართველოში, სამაგიეროდ, თავისი საქციელით მან საფრთხის ქვეშ დააყენა და მომავალშიც საფრთხეს შეუქმნის თბილისსა და მოსკოვს შორის ბოლო დროს უფრო გაწონასწორებულ ურთიერთობებს - სხვა სიტყვებით, საქართველოს უსაფრთხოებას.

საქმე ისაა, რომ ლევიევი, როდესაც იგი ფორმალურად კანონიერად ეწევა მონაცემების შეგროვებას ე. წ. Crowdsourcing-ის მეშვეობით, მოუწოდებს რა თავის მრავალრიცხოვან გამომწერებს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე, გამოაგზავნონ ინფორმაციები და სიახლეები (ფოტო, ვიდეო) მათთვის ხელმისაწვდომი წყაროებიდან, ამ მონაცემებს იყენებს, როგორც სადაზვერვო მონაცემებს. ასე მაგალითად, 25 აპრილს გაკეთებულ თავის ვიდეომიმართვაში მოხალისეთა მიმართ, ლევიევმა მათ მოუწოდა, გამოაგზავნონ საკუთარი დაკვირვებები 9 მაისის ზეიმთან დაკავშირებით წარმოებული რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებისა და სამხედროების თავმოყრის ადგილების შესახებ, რეგიონების მიხედვით. ამით, როგორც მან თავად აღნიშნა, შეიქმნება „გამოძიების ჩატარების პირობები“, როგორც ამას ადგილი ჰქონდა 2014 წელს, “Bellingcat”-ის მუშაობის დროს. მთავარი კი ის არის, როგორც ამას ლევიევი ამბობს სავსებით დაუფარავად, მოხდეს უკრაინაში (რუსების მიერ) ჩადენილ სამხედრო დანაშაულებათა ფაქტების და მტკიცებულებების შეგროვება „ყველა დამნაშავე პირის სამომავლო დევნის მიზნით“.

საინტერესოა, ქართველ სამართალდამცავებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს ლევიევის მოხვედრა თბილისში და აქ მისთვის სამუშაო პირობების შექმნა, წარმოუდგენიათ, რა რისკის წინაშე ვდგებით? ლევიევ-კარპუკს ხომ თბილისის მეორე ჰააგად გადაქცევა გადაუწყვიტავს... ჩვენი მთავრობა ამბობს, რომ დაუშვებელია საქართველოს ჩათრევა უკრაინის ომში, მაგრამ ეს სწორედ ასეა - ჩვენ გვითრევენ ჰიბრიდულ ომში. რუსეთი ამ საკითხს ასე უბრალოდ არ დატოვებს, თუკი ლევიევს „ფრთების გაშლის“ საშუალებას მივცემთ.

ამის პირდაპირი ნიშანია ის, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა 18 მაისს მიმართა მოსკოვის ბასმანის რაიონის სასამართლოს მოთხოვნით, დაუსწრებლად იქნას დაპატიმრებული რუსლან ლევიევი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ წინასწარი გამიზვნით ყალბი ინფორმაციების გავრცელების გამო. თუკი საქართველო ახლა განაგრძობს ლევიევსა და მის კანტორაზე მზრუნველობას, რომელიც არა მხოლოდ საკუთრივ ლევიევისგან, არამედ კიდევ რამდენიმე პროგრამისტისგან და სხვა სახის სპეციალისტებისგან შედგება, რუს-ამერიკელი პროპაგანდისტის (რუსეთის მოქალაქის), 1993 წელს დაბადებული მაიკლ სიდნეი ნაკის ჩათვლით, მოსკოვს კითხვები გაუჩნდება ჩვენი მთავრობის მიმართ, თუ რატომ იქცევა იგი ასე. რასაკვირველია, ლევიევი და მისი CIT არ წარმოადგენენ ისეთ სიდიდეებს, რომ მათ გამო რუსეთმა საქართველოს სამხედრო ძალით შეუტიოს, მაგრამ გარკვეულ „ზომებს“, სხვა სახისას, მაგრამ ყველასათვის არასასიამოვნო ხასიათისას, იგი აუცილებლად მიმართავს. რაში გვჭირდება ჩვენ ეს?! რატომ გამოვცადოთ ბედი ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ?! რატომ არ უნდა ვუთხრათ ამ გასაოცარ მოქალაქეებს: „რუსლანჩიკ, მაკი-ნაკი, თქვენ დაკავებულნი ხართ საერთაშორისო იურისპრუდენციის საკითხებით; მაშ რატომ არ გსურთ, პირდაპირ ჰააგისკენ გაქუსლოთ?!“ - ეს იქნებოდა ლოგიკური და პატიოსანი მიდგომა!

სურათზე: კარპუკი და ნაკი.

უნდა გვესმოდეს, რომ ლევიევის CIT-ის ამოცანა “Bellingcat”-ის ამოცანის იდენტურია - ვითომ ობიექტური ჟურნალისტური გამოძიებებით რუსეთის და მისი ოფიციალური წარმომადგენლების, სამხედროების, პოლიტიკოსების და სხვების სანქციონირებისათვის ნიადაგის მომზადება. ასე იყო 2014 წლიდან მოყოლებული, არაერთხელ, მოსკოვში ყოველივე ამას ითმენდნენ, მაგრამ ახლა ამ მოთმინების დასასრული დადგა. საქართველოს არ სჭირდება რუსეთთან კონფლიქტი ზელენსკის გამო და, მით უმეტეს, კუროპტევისა და ლევიევის გამო.

საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება როგორღაც დუნედ რეაგირებს ჩვენს ქვეყანაზე მომდგარი შავი ღრუბლების მიმართ. მაგრამ იმავე ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეიძლება გადამჭრელი ზომების გატარება, მიუხედავად ამერიკის ელჩის და საქართველოს სხვა დასავლელი „მეგობრების“ პოზიციისა. მთავარია, რომ გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი საქართველოს ინტერესები იყოს. ჩვენმა ხელისუფლებამ სავსებით დასაბუთებულად არ შემოუშვა საზღვარზე რუსეთის მედიალანდშაფტში ისეთი ცნობილი პირები, როგორებიც არიან ლიუბოვ სობოლი და დმიტრი გუდკოვი. რატომ მოიქცა ჩვენი ხელისუფლება ასე? - იმიტომ, რომ არ გამოიწვიოს ზედმეტი, საქართველოსთვის არასაჭირო გაღიზიანება მოსკოვში. არა იმიტომ, რომ საქართველოში ვინმეს უნდა ეშინოდეს, არამედ იმ მიზეზით, რომ ეს არაგონივრული იქნებოდა ჩვენი მხრიდან. მაშ ასე: ბევრად უფრო არაგონივრული გამაღიზიანებელი, შეიძლება, გახდნენ ისეთი ტიპაჟები, როგორებიც არიან რუსლან ლევიევი და ზემოთ ჩამოთვლილი პერსონაჟები. საქართველოს ისინი არაფერში არ სჭირდებიან და უმჯობესი იქნება, რომ მათ დატოვონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ხომ არ გადავცემთ მათ რუსეთის სახელისუფლებო ორგანოებს; დაე უბრალოდ წავიდნენ ევროპაში ან კიდევ სადმე სხვაგან, უფრო შორს.

სურათზე: საქართველოში არშემოშვებული ლიუბოვ სობოლი ინტერვიუს ართმევს საქართველოში შემოშვებულ ლევიევს.

„ეხო კავკაზას“ ჟურნალისტურ შეკითხვაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემდეგი პასუხი გასცა:

„ბუნებრივია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს კონტროლს როგორც სახელმწიფო საზღვარზე, ისე ქვეყნის შიგნით. კონტროლის მექანიზმები კომპლექსურია და შედგება რამდენიმე ეტაპისაგან. ბუნებრივია, სახელმწიფო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ამასთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია. ასევე დაუშვებელია კონტროლის მექანიზმებზე ღია საუბარი“. სუს-ში ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავი ორგანოები მთლიანად აკონტროლებენ ქვეყნის უსაფრთხოებასა და „აქტიური საფრთხეების კერები“ ქვეყანაში არ შეინიშნება“.

მაგრამ, სწორედაც რომ შეინიშნება!

სამწუხაროდ, ამ საფრთხეების გაგების დეფიციტია პარლამენტშიც, მმართველი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის. მეტიც, ხანდახან ძნელია, დავარქვათ ადეკვატური მიმდინარე მოვლენების მათეულ აღქმას (წყარო: „მედიაპრესი“):

„კუროპტევის შესახებ მსმენია, ის ჯერ კიდევ სააკაშვილის დროიდან აქტიურობს, თუმცა მათი საქმიანობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი. რაც შეეხემა მათ მიერ გამართულ საპროტესტო აქციებს, ვფიქრობ, რომ აზრის გამოხატვის უფლება ყველას აქვს, გამოხატვის თავისუფლება როდესაც ჯდება კანონის ჩარჩოებში, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ კანონი დაირღვევა, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა ეს ანტიპუტინისტური იქნება თუ სხვა რამ, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით. რუსეთის გაღიზიანებაზე ჩვენ პოლიტიკას არ ვაგებთ, ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფო ინტერესი და ჩვენი ღირებულებები და როცა ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სწორედ ეს არის რომ შეკრებების და გამოხატვის თავისუფლება არის ყველასთვის დაცული. თუ ვინმე კანონს დაარღვევს, პასუხიც შესაბამისი იქნება. დღეს ჩვენი ქვეყანა არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ჩვენი პრიორიტეტია სწორედ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა"- სოზარ სუბარი.

„ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ მოღალატეთა პარტიამ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას და მის განშტოებებს, მათ შეფარვით აქვთ თითქოს დასავლური კურსი და სინამდვილეში კი ისინი ყოველთვის რუსეთის ინტერესების განხორციელებას ცდილობენ. ფაქტობრივას, ეს არის რუსული ჰიბრიდული ძალის წარმონაქმდები, რომელთა ინტერესი არისმ, რომ რაც შეიძლება მეტად საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობა. საზოგადოება ამავე დროს იმასაც ხედავს, რომ მათი ნებისმიერი ასეთი განზრახვა ყოველთვის კრახით სრულდება. ჩვენ მოღალატეთა პარტიიდან გვაქვს მოლოდინები, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდებიან რომ დააზიანონ ქვეყანა, აქ ისინი ჩართავენ ჰიბრუდული ძალის სხვადასხვა განშტოებებს, მაგრამ მინდა ჩვენი საზოგადოება დავარწმუნო, რომ მათ ამგვარი მოღალატეობრივი მცდელობებიდან, არანაირი შედეგის მიღწევის შანსებიარ ექნებათ. რაც შეეხება რუსეთის მიზანმიმართულად გაღიზიანებას, ცხადია მათ აქვთ კონკრეტული მიზანი, ერთია საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების შანსის განეიტრალება და მეორეს მხრივ მათი მიზანი არის საქართველოს ჩათრევა საომარ მოქმედებებში. ამ ორი მიზნის მისაღწევად ისინი ბოლომდე იხარჯებიან, თუმცა მათ არანაირი უნარი არ გააჩნიათ, რომ ეს მავნებლური მიზნები განახორციელონ. ჩვენი ხელისუფლება და შესაბამისი ორგანოები მტკიცედ დგას ეროვნული უსაფრთხოების სადარაჯოზე და რაც მთავარია ჩვენი მოსახლეობა, რომელიც აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს“.- რატი იონათამიშვილი.

„ის, რომ ნაციონალური მოძრაობა სხვა საკრიტიკებს მხოლოდ ეროვნული კუთვნილების გამო, და ამას თვითონ აკეთებს, ეს ძალიან ცუდად მეტყველებს თავად ამ პარტიაზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როდესაც დღეს, რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ პირებთან და ორგანიზაციებზე გვაქვს საუბარი, ყოველთვის არსებობს რისკები და საჭიროებს ყურადღებას ვიდრე სხვა შემთხვევაში. ეს არ უნდა გამოირიცხებოდეს, ასეთი მდგომარეობა, უკრაინისგან დამოუკიდებლადაც გვაქვს ჩვენ, ვინაიდან რუსეთის მიერ არის ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული, შესაბამისად, პროვოკაციების საფრთხე ყოველთვის არის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ამას ყურადღება სჭირდება და ამ თვალსაზრისით მაგრამ ჩვენ შეიძლება ეთნიკურად ბევრი რუსი ვნახოთ, რომელთანაც პრეტენზია გვქონდეს, შეიძლბა იყოს ბევრი ისეთი, რომელთანაც პრეტენზია არ იქნება გამართლებული, მაგალითად, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ჩამოსული რუსი იმიტომ რომ ის წარმომავლობით რუსია, კონფლიქტი ამ შემთხვევაში არ არის გამართლებული“ -მიხეილ სარჯველაძე.

„ჩემთვის ცნობილია მსგავსი აქციების შესახებ. როდესაც ასეთი დაძაბული სიტაციაა და და ასეთი მაღალია უსაფრთხოების რისკები, რა თქმა უნდა ისეთი რუსული ორგანიზაციებიც კი ვინც ერთი შეხედვით, რუსეთში პუტინთან დაპირისპირებულად ითვლებოდეს, ასეთი ორგანიზაციები რა თქმა უნდა მაღალი რისკების მატარებლები არიან გამომდინარე იქიდან, რომ შეიძლება ეს ყველაფერი იყოს საფარი და როგორც გამოიყურება შესაძლოა სინამდვილეში ასე სულაც არ იყოს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახურებს მეტი ყურადღება აქვთ მისაქცევი და ალბათ მიაქცევენ კიდეც რათა მსგავსი ორგანიზაციების მეშვეობით რუსეთმა თავის მიზნებს არ მიაღწიოს. ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფრთხილად“- ბექა დავითულიანი.

„მე ამის შესახებ არ ვიცი და რომ გითხრათ, ძალიან გამიკვირდა - მოგატყუებთ. მაგალითად, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი რადიკალი გახლავთ რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი. როგორც იტყვიან, მე ყოფილი „კაგებეშნიკის“ არ მჯერა, ისევე როგორც არ მჯერა მიხეილ სააკაშვილის პროდასავლურობის. რუსეთის საგარეო უსაფრთხოების სპეციალისტის ქართული და დასავლური ღირებულებების მე არ მჯერა" - მამუკა მდინარაძე.

პარლამენტის ყოფილ სპიკერ არჩილ თალაკვაძესაც არაფერი გაუგია კუროპტევის შესახებ. ერთი სიტყვით, საპარლამენტო უმრავლესობაში ვითარებას საერთოდ არ ფლობენ, ისინი დაკავებულნი არიან იაფფასიანი ანტირუსული პოპულიზმით, რომელიც ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ინტერესებს, ისევ თავად ამ დეპუტატებს, ვინაიდან ნორმალური ადამიანების თვალში ისინი სასაცილოდ გამოიყურებიან. უმჯობესია, გაჩუმდნენ, ნუ შეუქმნიან პრობლემას თავიანთ მთავრობას, ხოლო საკუთარ თავებს ნუ გაიმასხარავებენ!

პარლამენტარებს და, არა მხოლოდ მათ, გვსურს, შევახსენოთ, რომ საქართველო რუსეთიდან მოვლენილი ანტირუსული ძალების მოსახერხებელი პლატფორმა მ. სააკაშვილის მმართველობის დროს იყო. სწორედ მაშინ შეიქმნა და მომზადდა რუსულენოვანი პროპაგანდისტური პული, რომელიც მოსკოვის წინააღმდეგ უპირატესად ჩრდილო კავკასიის ფოკუსირებით (მაგალითად, „ჩერქეზების გენოციდის“ საკითხი, ჩეჩნური საკითხი და სხვ.) მოქმედებდა. ახლა აშკარაა ამ ვითარების განმეორების მცდელობა, ოღონდ კიდევ უფრო დამანგრეველი მიზნებით, რომელთა ფარგლებში არა მხოლოდ რუსული, არამედ ქართული ხელისუფლებაც უნდა აღიგავოს. საჭიროა თვალების გახელა და მუდამჟამ „რუსულ საფრთხეებზე“ წუწუნის ნაცვლად, უფრო რეალური საფრთხეების დანახვაც.

გულბაათ რცხილაძე,

ევრაზიის ინსტიტუტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი