ევროკავშირს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია თანმიმდევრული სექტორული სტრატეგია სოფლის მეურნეობის განვითარების დარგში.
როგორც საქართველოს მიერ ევროპული სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების ფარგლებში 2010 წლის ანგარიშშია ნათქვამი, გასულ წელს ჩვენში ისევ მცირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოცულობა. ამის გამომწვევი ფაქტორებია შესაბამისი სექტორული პოლიტიკის არარსებობა, როგორიცაა განუვითარებელი საჯარო მომსახურება, კრედიტების შეზღუდული მისაწვდომობა, მოძველებული ტექნიკა და ა. შ.როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოს მოქალაქეთა 53 პროცენტი დღეს სოფლად ცხოვრობს, 40 პროცენტი უშუალოდ ჩაბმულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში, თუმცა ადგილზე შექმნილი აგროპროდუქციის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8 პროცენტია. შიდა ბაზრის მოთხოვნა მხოლოდ 12 პროცენტით კმაყოფილდება. ამდენად, ჩანს, რომ სოფლად ჭარბად არის თავმოყრილი მშრომელი ძალა, რომელიც არ ან ვერ იყენებს საკუთარ შესაძლებლობებს.
მიმდინარე წელს ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევა ჩაატარა.
კვლევის შედეგებში ნათქვამია, რომ „მთავარი ფაქტორი, რის გამოც ქვეყანაში სიღარიბის დაძლევა დღემდე ვერ ხერხდება, სწორედ სოფლის მეურნეობის განუვითარებლობაა. მწარმოებლურობის დონე კვლავ ძალიან დაბალია. არასაკმარისია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსებაც. აგროსექტორი რომ განვითარდეს, საჭიროა, მისი მოცულობა, სულ მცირე, სამჯერ გაიზარდოს“.
ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევის შედეგების პრეზენტაცია ჩაატარა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ გორდონმა.