სამართალი
უტიაშვილი 26 მაისის სპეცოპერაციით კმაყოფილია

utiash_shotaროგორც შსს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა გადაცემა „დიალოგში“ საუბრისას განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ 26 მაისის ღამეს ცოტა ადამიანი აღმოჩნდა საავადმყოფოში და არცერთის სიკვდილი პირდაპირ ან ირიბად არ იყო პოლიციის ქმედების შედეგი, საერთო ჯამში, აქციის დაშლის ოპერაციამ სტანდარტების შესაბამისად ჩაიარა. მისივე თქმით, ოპერაციის ხარისხითა და სამართლადმცველების პროფესიონალიზმით შსს კმაყოფილია, თუმცა ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი არ უარყოფს, რომ ცალკეულ შემთხვევაში იყო შეცდომები. „ჩვენ ვნახულობთ ვიდეოკადრებს და თუ აღმოვაჩენთ, რომ ადგილი ჰქონდა კანონდარღვევას, შესაბამისი პროცედურები ჩატარდება“, – აცხადებს ძალოვანი სტრუქტურის ოფიციალური წარმომადგენელი.

რაც შეეხება ნიკა კვინტრაძეს, რომელიც აქციის დარბევიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს, უტიაშვილის მტკიცებით, „ამ ადამიანის შემთხვევაში საქმე ჰქონდა მედიის მხრიდან ფალსიფიკაციას, რადგან ის ადამიანი, რომელიც იწვა ასფალტზე და ვითომ კვინტრაძე იყო, სინამდვილეში ის არ აღმოჩნდა, მიცვალებული ხელშეკრული არ უპოვიათ, მორგიდან კი მიცვალებული ოჯახში ყოველთვის ხელფეხშეკრული მიჰყავთ“.

უტიაშვილმა გაუჩინარებულ აქციის მონაწილეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არცერთი დაკარგულის ოჯახს შს სამინისტროსთვის არ მიუმართავს. მისივე თქმით, სამინისტრომ გამოაქვეყნა ნუსხა, რომელშიც ყველა დაკავებული პირია შეყვანილი. „ჩვენ დავაკავეთ ისინი, ვინც კოსტავას ქუჩაზე მანქანას ურტყამდა, ის მძღოლები, რომელთაც პოლიციელი გაიტანეს და, ასევე, ყინწვისის შეთქმულთა ჯგუფი“, – აღნიშნა მან.