საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ბრიუსელში მდებარე ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული სტატია, სადაც ორგანიზაცია ევროკავშირს ურჩევს, არ დაიწყოს საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკრიტიკა და მას „ნაჯღაბნი“ უწოდა.
CEPS-იდან მაიკლ ემერსონისა და მკლევარ სტივენ ბლოკმანსის ავტორობით 20 მაისს გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარი იყო „ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მედიის წამყვანი წარმომადგენლების საქმეზე მაღალი დონის გადაწყვეტილებებში ჩარევაზე“, მათ შორის, ხელისუფლებისადმი კრიტიკული ტელეკომპანია „მთავარი არხის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე.
სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება „წლების განმავლობაში ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ. ამასთან, საქართველოში პოლიტიკური ძალაუფლება კონცენტრირებულია „არარჩეული, არაანგარიშვალდებული ოლიგარქის [ყოფილი პრემიერ-მინისტრის], ბიძინა ივანიშვილის ხელში“.
„დასაბუთების ძიებაში, წევრობის განაცხადი შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სიმბოლური და ზედაპირული ტაქტიკა, რომელიც ცდილობს დააკმაყოფილოს ქართული საზოგადოებრივი აზრის დიდი უმრავლესობის [განწყობა], რომელსაც სურს ევროპული მომავალი“, – ნათქვამია მოსაზრებაში.
„ამავდროულად, როგორც ჩანს, ხელმძღვანელობას გაწევრიანების პროცესის წარმატებით განხორციელების ინტერესი არ აქვს და იმ გზით მიემართება, რომელიც მის წარუმატებლობას დააჩქარებს“, – ხაზგასმულია იქვე.
პრემიერის თქმით, სტატიის თანაავტორი ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია.
„საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღაბნა, უფრო სწორად“, – უთხრა მან 21 მაისს ჟურნალისტებს.
მისივე მტკიცებით, სტატიის ერთ-ერთი თანაავტორი, პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარიაა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროპული კვლევითი ცენტრის სტატია იმის კიდევ ერთი მაგალითი და დადასტურებაა, რომ „ანტისახელმწიფოებრივი“ და „მტრული ძალები“ ევროპელ ლიდერებს „ეხვეწებიან“, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ.
„ძალიან ცნობილ[მა ევროპელმა] ლიდერებ[მა] მითხრეს, რომ რა უბედურება გჭირთ, რომ ჩამოდიან თქვენი ოპოზიციის წარმომადგენლები და გვეუბნებიან, რომ რაიმენაირად, არ იქნას პოზიტიური გადაწყვეტილება მიღებული საქართველოსთან მიმართებით“, – თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა.
„ასეთი მავნებლობა, მეგობრებო, ასეთი მტრობა, ჩვენი ქვეყნის არის დანაშაული, უბრალოდ“, – ხაზი გაუსვა მანვე.
საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის კვალდაკვალ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 3 მაისს შეიტანეს.
საქართველომ ევროკავშირის კითხვარის, მეორე საბოლოო ნაწილი 10 მაისს წარადგინა და ევროკომისიის ივნისის გადაწყვეტილებას ელოდება.