საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დავოსში ვიზიტის ფარგლებში კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა კომპანია Ripple-ს აღმასრულებელ დირექტორს საქართველოში კომპანიის მომსახურების ცენტრის გახსნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.
აღინიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ახალ შესაძლებლობებს აძლევს, სულ ახლახანს კი მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი შეიტანა და ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია და სწრაფად ვითარდება. აღინიშნა, რომ ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება გლობალური და რეგიონული მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის. რეპუტაციისა და მეგობრული ბიზნესგარემოს წყალობით კი საქართველო გლობალურად გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით. ქვეყანა განვითარებულ ბაზრებზე იმავე ლიგაშია, რომლებშიც ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი არიან.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ვირტუალური აქტივების რეგულირების საკანონმდებლო ბაზის წინასწარი პროექტი შეიმუშავა, ამ ეტაპზე კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, რის შემდეგაც პარლამენტს წარედგინება, კანონპროექტის შემუშავების პროცესი კი წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
აღინიშნა, რომ ქვეყანა წარმატებით იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას და საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ბლოკჩეინის ტექნოლოგია დანერგა საჯარო სერვისებში, კერძოდ მიწის რეესტრის პროცესში, რისი საშუალებითაც შესაძლებელი გახდა საოპერაციო ხარჯების დაახლოებით 30%-ით შემცირება.
საუბარი ასევე შეეხო FTX Crypto Derivatives და ციფრული ბაზრების ასოციაციის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დაგეგმილია საქართველოში FTX-ის რეგიონული ოფისის შექმნა, რაზეც კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. რეგიონული ოფისის გახსნა სათანადო გარემოს შექმნის მომავლის ფინანსური ციფრული აქტივების ბაზრისთვის.
კომპანია Ripple უმსხვილესი ამერიკული ბლოკჩეინ კომპანიაა, რომლის ბაზრის კაპიტალიზაცია 20 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. კომპანია ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებში ოპერირებს, მათ შორის აშშ-ში, მექსიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ირლანდიასა და იტალიაში.