რელიგია
ბოდბელი ეპისკოპოსი: საქართველოს მთავრობამ არც მოსკოვს უნდა უსმინოს, არც ბრიუსელსა და ვაშინგტონს

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა 22 მაისის ქადაგებისას განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ „თავის ხალხს უნდა მოუსმინოს“ და არ მოსკოვს, ბრიუსელსა და ვაშინგტონს.

ეპისკოპოსის ქადაგება მმართველი გუნდის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმიანება, რომლებიც დასავლეთიდან წამოსული კრიტიკის ფონზე, ამბობენ, რომ საქართველოს, როგორც „სუვერენულ სახელმწიფოს პატივი უნდა სცე“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები საქართველოს ხშირად რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურებაა, ისინი არიან უგუნურები“, – დასძინა ეპისკოპოსმა.

ეპისკოპოს იაკობის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს სურთ, რომ „დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეთ ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო“.

„კიდევ მილიონი კაცი რომ გაიქცეს საქართველოდან, ვის ვუტოვებთ საქართველოს?“, – იკითხა მან და დასძინა – „რად გვინდა მერე იმათი მილიარდები გარედან, აშენებული თუ დაგვინგრიეს?“.

„საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსეული. უკრაინაში რაც ხდება, ჩვენი მთელი ისტორია სულ მასე ხდებოდა“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა და 1989 წლის 9 აპრილი, 90-იანი წლების კონფლიქტები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომი გაიხსენა.

„ჩვენთვის ვინ იბრძვის?“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ „ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის, ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე სხვების თავისუფლებისთვის“.

ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, უკრაინელებმა თავიანთ თავს და ქვეყანას უნდა მიხედონ. მანვე აზოვსტალის მცველი მეომრებიც გაიხსენა, ხაზი გაუსვა, რომ „ვაჟკაცურად ვინც იბრძოდნენ, [მათთვის] გარღვევა[ც] ვერ გააკეთეს და ტყვეებად ჩააბარეს ისინი, ნუ დაავიწყდებათ“.

ეპისკოპოსმა იაკობმა წირვისას ქვეყანაში დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას „ალტერნატივა არ აქვს“.

„ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავისი ხალხისთვის იფიქროს. ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ“, – თქვა მან.

ბოდბელი ეპისკოპოსის გუშინდელ ქადაგებას წინ უსწრებდა მმართველი გუნდის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს, მათ შორის უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს, ალექსეი დანილოვს უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნა სურს.

პარალელურად, ოპოზიცია უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, ქვეყნის ხელისუფლებას კრემლისადმი თავშეკავებული პოზიციისა და მისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციებზე მიერთების შესახებ უარის გამო აკრიტიკებს.

საგულისხმოა, რომ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციის“ გამო უკრაინამ საქართველოდან ელჩიც გაიხმო. ამასთან, ოფიციალური კიევიდან თბილისის მიმართ რუსეთისთვის სანქციების თავიდან არიდებაში შესაძლო დახმარების შესახებ არაერთი ბრალდებაც გაისმა.