პუბლიკაციები
სევასტოპოლში ქართველებმა გვასახელეს , საქართველოში კი ახლა სირცხვილით უნდა ვიწვოდეთ! (ვიდეო)

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. უამრავი ქართველი შეეწირა მართალ საქმეს - ფაშიზმთან ომს. საქართველოს მიერ დიდ სამამულო ომში გაგზავნილი და ამ ომში დაღუპული მებრძოლებიდან უმეტესი ნაწილი ყირიმში წარმოებული ბრძოლების შედეგად დაეცა. ქართველები მამაცურად იბრძოდნენ ქერჩში, სევასტოპოლის დაცვისა და მისი გათავისუფლების დროს.

მეგობრებისგან შევიტყეთ, რომ საქართველოში, 2022 წლის 15 მაისს, რამდენიმე ქართველი მებრძოლის ნეშტს გადმოასვენებენ. ისტორიულ სამშობლოში მართლაც ჩამოასვენეს სამი მებრძოლი. თქვენ ამის შესახებ რაიმე იცოდით? - ვფიქრობთ, რომ არაფერი. ჩვენც ოდნავ ადრე, 14 მაისს შევიტყეთ ამის შესახებ.

საქართველოში „გმირებად“ რაცხავენ დაქირავებულ, ანგარებიან ქართველებს - პოლიტიკური მანიპულაციებისთვის სჭირდებათ. სამაგიეროდ, არავის გახსენებია, რომ საქართველოს ნამდვილი გმირები არიან დიდი სამამულო ომის მონაწილეები, ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპული ქართველები.

ვის თუ არა მათ, ეკუთვნოდათ სამხედრო პატივით დახვედრა და დაკრძალვა მშობლიურ მიწაში?! ვის თუ არა მათ, უნდა წამოსდგომოდა ფეხზე მთელი საქართველო?! ვინ თუ არა ისინი, უნდა გაეშუქებინათ ჟურნალისტებს, პრესასა და ტელევიზიას?!

მაგრამ, როდესაც თავად ამ გმირების შთამომავლები და ნათესავები, რომლებიც დახვდნენ სევასტოპოლიდან ავტოტრანსპორტით გადმოსვენებულ ცხედრებს საზღვარზე, ლარსში, ხმას არ იღებენ და არ მოითხოვენ თავიანთი გმირი წინაპრებისთვის სამხედრო პატივით დაკრძალვას, სხვასაც ბევრს ვერაფერს მოვთხოვთ.

ესაა საქართველოს სირცხვილი და ნიშანი იმისა, რომ „არაფერი გვეშველება“.

სამაგიეროდ, სევასტოპოლში, მთელი საზოგადოება დადგა ფეხზე და პატივი მიაგო გმირებს, მათ შორის, ქართველ გმირებს (ვიდეოს უყურეთ აქ).

გთავაზობთ მათ სახელებს: პაპავა ვასილ რომანოზის ძე - 388-მსროლელი დივიზიის სერჟანტი; ფურცხვანიძე ლავრენტი აპოლონის ძე - წითელფლოტელი, სანიტარი, საზღვაო ქვეითთა მე-8 განსაკუთრებული ბრიგადა; ჩალაძე ვლადიმერ ეფიმის ძე - 388-მსროლელი დივიზიის მზვერავი.

მათი გვარები სევასტოპოლელმა ე. წ. პოისკოვიკებმა ანუ დიდი სამამულო ომში დაღუპულთა გზა-კვალის მისაგნებად შექმნილმა მოხალისეთა ჯგუფებმა, დაადგინეს. კერძოდ, ორგანიზაცია «Долг»-ის და ორგანიზაცია «Севастополь-Крым-Поиск»-ის რაზმელებმა.

გმირი-ქალაქის მემორიალურ სასაფლაოზე შედგა სულ 291 მებრძოლის გადასვენების ცერემონიალი. ეს ცხედრები აღმოჩენილ იქნენ ქალაქის ტერიტორიაზე. მებრძოლთა გადასვენება სევასტოპოლში რეგულარულად ხდება, გამარჯვების დღის (9 მაისი) წინა დღეს - 8 მაისს.

ადგილზე შეიკრიბნენ ქალაქის ხელისუფლება, ვეტერანები, საზოგადო მოღვაწეები, რიგითი მოქალაქეები.

291 აღმოჩენილი მებრძოლიდან მხოლოდ ათის ვინაობის დადგენა მოხერხდა (მათ შორის, სამი ზემოთ დასახელებული ქართველისა). ღირსნი არიან ეს გმირები, მათი გვარები საქართველოშიც გაჟღერდეს, თუმცაღა სამარცხვინო მდგომარეობაში ვართ:

ნიკოლაი სპირიდონის ძე კალკოტა, ვასილი დემიანის ძე შელენკო, ნიკოლაი გიორგის ძე გორლოვი, ანატოლი ზახარის ძე დონცოვი, ი. ვ. ობოლონსკი, ალექსანდრ ივანეს ძე პარშინი, ალექსეი მიხაილის ძე ბოლდარევი.

წყარო: didisamamulo.ge