საზოგადოება
„ქართული პარტიის“ დამფუძნებელთა ნაწილმა პარტია დატოვა

grecho_gunca2ლევან გაჩეჩილაძემ, კოკა გუნცაძემ, ლევან ჩიკვაიძემ და კახა მიქაიამ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„თავს ვალდებულად მივიჩნევთ, განვაცხადოთ: 26 მაისის სისხლიანმა სადამსჯელო აქციამ ცხადყო, რომ სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი საყოველთაო სისასტიკის და ტოტალური შიშის დანერგვის გზით თანდათანობით ტირანიის სახეს იღებს. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ამ ტიპის რეჟიმებთან ბრძოლა მხოლოდ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ძალების სრული კონსოლიდაციით და ერთიანი ფრონტითაა შესაძლებელი. ერთიანობის ძალა და მისი მორალური სულისკვეთება არის არსებული რეჟიმის დაძლევის ყველაზე მძლავრი და ერთადერთი იარაღი. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ურთიერთბრალდებები და ურთიერთშეურაცხყოფები იმ ძალებს შორის, რომლებიც მიზნად ისახავენ სისტემურ ცვლილებებს ქვეყანაში.

ჩვენ არ ვეთანხმებოდით, ხოლო რიგ შემთხვევებში, არც ვმონაწილეობდით ბოლო პერიოდში „ქართული პარტიის“ არც ერთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ერთიანობის კურსს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვიმოქმედოთ დამოუკიდებლად, რათა მიღწეულ იქნეს საყოველთაო თანხმობა, რომელიც არის გარანტი არსებული რეჟიმის დამარცხების. ვიბრძოდით და კვლავ ვიბრძოლებთ ჩვენი შინაგანი რწმენის, ხალხის და ქვეყნის ინტერესების შესაბამისად“.

 

სპეციალურ განცხადებას ხელს აწერს პარტიიდან წამოსული ოთხივე ყოფილი წევრი.

საქინფორმმა სცადა, გაერკვია, სად აპირებენ მოღვაწეობის გაგრძელებას გაჩეჩილაძე, გუნცაძე, მიქაია და ჩიკვაიძე, თუმცა ზოგიერთ მათგანთან დაკავშირება საერთოდ ვერ ხერხდება, ზოგი კი დამატებით კომენტარზე უარს ამბობს.