პოლიტიკა
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, თბილისს ხვალ, 4 ივნისს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ოთხკაციანი დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის დღის წესრიგში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან, ასევე, საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრები შედის. დელეგაციის წევრები ქართველ პარლამენტარებსაც, მათ შორის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.
აშშ-ის კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან დევიდ დრაიერი (რესპუბლიკელი, კალიფორნია), დევიდ პრაისი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა), სუზან დევისი (დემოკრატი, კალიფორნია) და ბრედ მილერი (დემოკრატი, ჩრდილოეთი კაროლინა). დელეგაციის ხელმძღვანელი დევიდ დრაიერი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის „პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ კომისიის თავმჯდომარეცაა. „პარტნიორობა დემოკრატიისათვის“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ორპარტიული კომისიაა, რომელიც თანამშრომლობს მსოფლიოს 14 სახელმწიფოსთან, მათ შორის, საქართველოსთან, რათა ხელი შეუწყოს ეფექტური, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი საკანონმდებლო ინსტიტუტების განვითარებას.