პოლიტიკა
საქართველო ავღანეთში დამატებით კონტინგენტს გაგზავნის

georgia_afganროგორც თეთრი სახლის მიერ ბაიდენსა და სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელებული პრესრელიზიდან ირკვევა, საქართველო ავღანეთში დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას აპირებს.

საქართველო, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი ჯარისკაცი, სავარაუდოდ, დამატებით, სულ ცოტა, ერთ ბატალიონს კიდევ გააგზავნის.

ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარის მოპოვება თავდაცვის სამინისტროდან 2 ივნისს ვერ მოხერხდა. როგორც ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, სავარაუდოდ, ამის შესახებ ცნობა იტალიიდან საქართველოს დელეგაციის დაბრუნების შემდეგ გავრცელდება, სადაც ბაიდენსა და სააკაშვილს შორის შეხვედრა შედგა.

„ვიცე-პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილის წინაშე მადლიერება გამოხატა იმ ახალი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთში უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალებში [ISAF] შეაქვს და რომელიც საქართველოს ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდ კონტრიბუტორად გახდის“, – განაცხადა თეთრმა სახლმა ბაიდენსა და სააკაშვილს შორის შეხვედრის შემდეგ.

ამჟამად ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ავღანეთში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ავსტრალიას ჰყავს (1 550).

თეთრი სახლის განცხადება იმის მანიშნებელია, რომ საქართველომ, როგორც ჩანს, პირობა დადო, ავღანეთში დამატებით, სულ ცოტა, 625 ჯარისკაცი გააგზავნოს, რითაც ის ავსტრალიას გადაასწრებს და გახდება ავღანეთში ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი ჯარისკაცის წარმგზავნი სახელმწიფო.

დღემდე საქართველოს ავღანეთში 8 ჯარისკაცი დაეღუპა. ბოლო ასეთი შემთხვევის შესახებ თავდაცვის სამინისტრო 27 მაისს იტყობინებოდა.