საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ლეონიდ ლაკერბაია გუდაუთაში 14 მაისს ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შედეგად ხუთწლიანი ვადით რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატად“ აირჩიეს.
ოკუპირებული რეგიონის „საარჩევნო ადმინისტრაციას“ შემაჯამებელი ოქმები ჯერ არ გამოუქვეყნებია.
ლაკერბაიამ და მისმა მეტოქემ, ბესლან ტარკილმა მანამდე 12 მარტს „საპარლამენტო არჩევნების“ პირველ ტურში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა 50%-იანი ბარიერი ვერცერთმა გადალახა. ლაკერბაიას პირველ ტურში გამარჯვებისთვის ერთი ხმა დააკლდა.
ახლადარჩეული „დეპუტატი“ ოკუპირებული რეგიონის ლიდერთან, ასლან ბჟანიასთან დაახლოებული პარტია „აიტაირას“ თავმჯდომარეა.
2011-2014 წლებში, ლაკერბაიას ალექსანდრე ანქვაბის ადმინისტრაციაში „პრემიერ-მინისტრის“ თანამდებობა ეკავა. ანქვაბი ამჟამად „პრემიერ-მინისტრია“ ბჟანიას ადმინისტრაციაში.
უფრო ადრე, 1992-1995 წლებში, ლაკერბაია „ვიცე-პრემიერი“ იყო. მოგვიანებით, 1995-1996 წლებში „საგარეო საქმეთა მინისტრის“ თანამდებობა ეკავა, ხოლო 1998-2002 წლებში „დეპუტატი“ იყო.
ლაკერბაიას არჩევის შემდეგ, აფხაზეთის ახალ „პარლამენტში“ მხოლოდ ერთი ვაკანტური ადგილი რჩება, რომელიც 28 მაისს დაგეგმილი განმეორებითი კენჭისყრის შედეგად შეივსება.
ახალ საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც 12 აპრილს შეიკრიბა, გავრცელებული ცნობებით, ბჟანიას ადმინისტრაციას სულ ცოტა 25 ლოიალური „დეპუტატი“ ეყოლება, რაც უჩვეულო შემადგენლობაა აფხაზეთის „საკანონმდებლო ორგანოსთვის“, სადაც როგორც წესი, პოლიტიკურ პარტიებზე დამოუკიდებელი მაჟორიტარები იმარჯვებდნენ ხოლმე.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბჟანიას მხარდამჭერები „კანონებს“ უფრო მარტივად მიიღებენ, მათ შორის, „საკონსტიტუციო ცვლილებებს“, რისთვისაც 24 ხმაა საჭირო.