საზოგადოება
სოციალ-დემოკრატები ფსევდოევროპეიზმის წინააღმდეგ!

soc-demokr.logo„სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის “სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

საქართველოს სოციალ-დემოკრატები უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო დღეებში საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. სრულიად აშკარაა, რომ დამოუკიდებლად იმ მიზეზებისგან, რომელიც გახდა საფუძველი ხელისუფლების ძალისმიერი ქმედებებისა, 26 მაისს განხორციელებული ოპერაცია ატარებდა სადამსჯელო და სასტიკ ხასიათს, რასაც შედეგად მოჰყვა ადამიანთა მსხვერპლი.

გვსურს, საზოგადოებისა და ჩვენი უცხოელი მეგობრების ყურადღება მივაპყროთ იმ ფაქტს, რომ მთავრობა, მასთან დაახლოებული ჯგუფები და მედია ცდილობენ, თავისი მოქმედების ლეგიტიმურობა დააფუძნონ საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებაზე, რომ ამგვარი მოქმედება და მეთოდები ჩვეული და მიღებულია ევროპაში.

ეს არის სიმართლის დამახინჯებისა და ამის საფუძველზე საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება, რომელსაც შეუძლია სრულად დამახინჯებული წარმოდგენები შეუქმნას ქართულ საზოგადოებას როგორც ევროპაზე, ისე დემოკრატიაზე ზოგადად.

ჩვენ, ქართველი სოციალ-დემოკრატები, როგორც ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტია, გამოვხატავთ ჩვენს უაღრესად ნეგატიურ დამოკიდებულებას და შეშფოთებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფის პოზიციის (30 მაისის სპეციალური განცხადება 21-26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით) გამო, რომელნიც პრეტენზიას აცხადებენ პროევროპულობაზე და გაერთიანებულნი არიან კოალიციაში „ევროპული საქართველოსთვის“.

ამგვარი განცხადებები და ასეთი ორგანიზაციები გვაშორებს ევროპას, ახდენს ჭეშმარიტად დემოკრატიული და ქართველი ხალხისთვის ბუნებრივი და ახლობელი განწყობებისა და ორიენტაციის დისკრედიტირებას. ნაცვლად ევროპასთან დაახლოებისა, ისინი ცდილობენ, არ დაუშვან ქვეყანაში დემოკრატიული პლურალიზმი და გაფილტრონ ის მემარცხენე განწყობები, რომლებიც შესაძლოა საქართველოში ჭეშმარიტმა ევროპეიზაციამ წაახალისოს; საბჭოური ტიპის ძალადობა და ოლიგარქიული კორუფციული ეკონომიკა დემოკრატიად და ბაზრად წარმოაჩინონ.

სინანულით გვინდა, აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ყოველთვის სათანადოდ არ აფასებენ ამ მანიპულირებისა და დეზინფორმაციის უკიდურესად უარყოფით როლს ჩვენი ქვეყნის ევროპული გზით განვითარებისთვის.

გვწამს, რომ მხოლოდ ევროპასთან მჭიდრო თანამშრომლობით და ჭეშმარიტად ევროპულ ღირებულებებზე დაყრდნობით შეძლებს საქართველო, აიცილოს თავიდან იზოლაციისა და მარგინალიზაციის პერსპექტივა, დაადგეს ევროპული ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას.

იმედი გვაქვს, რომ ჩვენი განცხადება სათანადოდ იქნება აღქმული საზოგადოებისა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მიერ.