სამართალი
ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი: იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო

 საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებს.

„იმედგაცრუებულები ვართ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია.

დიდი ბრიტანეთი გლობალური მედიათავისუფლების სადარაჯოზეა.

თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც უნდა იდგნენ, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.