საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ ზოგადად, ტურისტების რაოდენობა დღითი-დღე იზრდება ქვეყანაში. ძალიან ბევრი ტურისტი შემოდის, ბათუმი კი არის ერთ-ერთი ვარსკვლავი, რომ იტყვიან ამ მიმართულებით. ბატონი თორნიკე რიჟვაძე ახლა ლონდონში იმყოფება ამ საქმეზე და ზოგადად სხვა საინვესტიციო რეფორმებთან დაკავშირებითაც, პროექტებთან დაკავშირებით. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი პროექტების დაწყებას ვგეგმავთ აჭარის რეგიონშიც, გურიაშიც, ყველგან და ამ მიზანს ემსახურება ბატონიო თორნიკეს ვიზიტი ლონდონში და არა მხოლოდ, ეს რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბათუმში მსოფლიო მოგზაურობის ჯილდოს ღონისძიების ჩატარებას შეეხებოდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სასიხარულოა, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს და ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„ძალიან გვიხარია, რომ ტურიზმის აღდგენა პრაქტიკულად ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს, თუ შევადარებთ 2019 წლის მონაცემებს, თითქმის 70%-ით არის აღდგენილი ტურიზმი და ეს ძალიან სასიხარულო მონაცემებია. ასევე, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. თუ შევხედავთ, რა ხდება ზოგადად მსოფლიოში და აღარ მაქვს საუბარი, უბედურებაზე რაც ხდება უკრაინაში, დამანგრეველი ომი და ომის შედეგებით გამოწვეული ეს უბედურება, ეს ნეგატიური ტალღა, რომელიც მთელს ევროპაში, მთელს მსოფლიოში ვრცელდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გვახარებს ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ეს შემთხვევით არ ხდება მეგობრებო, ეს არის სწორედ ჩვენი გააზრებული, გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რომ ერთის მხრივ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა და გრძელვადიანი სტაბილურობა და მეორეს მხრივ, ხელი შევუწყოთ ეკონომიკის განვითარებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, რეგიონების განვითარებას, გამოცოცხლებას, ტურიზმს, ვაჭრობას და ა.შ. ამიტომ ამ ყველაფერს სჭირდება შენარჩუნება. ისეთი მავნებლური და მადისკრედიტებელი საუბარი, რომელიც მომდინარეობს ოპოზიციისგან, ეს არის დამაზიანებელი მეგობრებო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, არ შეიძლება საუბარი ასე, რომ „ვიღაცის სასამართლო“, ეს ჩვენი, თქვენი სასამართლოა, გამიგეთ?! და ამაში ჩვენმა ხალხმა უამრავი, უზარმაზარი რესურსი ჩადო, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა დავაფასოთ, პროგრესი რაც იქნა მიღწეული ეს უნდა დავინახოთ და ჩვენ რა თქმა უნდა მივდივართ წინ. კიდევ უფრო უკეთესი გვინდა გააკეთოთ ყველაფერი, ამას სჭირდება დრო. მე არაფერი მავიწყდება, ეს თქვენ გავიწყდებათ, რომ სასამართლო იყო რეალურად ნოტარიუსის ოფისი. მურუსიძე არავინ იყო მაგ დროს, რეალურად იყო კუბლაშვილი და ადეიშვილი. ეს რეალობა იყო და ნუ აბრალებთ ახლა ვიღაც ადამიანებს, რომლებიც მსხვერპლები იყვნენ მაგ დროს, ასეულობით მოსამართლე იყო მსხვერპლი სააკაშვილის რეჟიმის, ასეულობით მოსამართლე, ათასობით პოლიციელი, პროკურორი, კეთილსინდისიერი ჩვენი საჯარო მოხელეები იყვნენ სწორედ მსხვერპლნი და მძევლები, რომ იტყვიან სააკაშვილის მჩაგვრელი და მავნებლური პოლიტიკის. აღარ მინდა მაგაზე საუბარი, ახლა ხალხს უნდა ველაპარაკოთ“, - აღნიშნა პრემიერმა.