საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გააკრიტიკეს მმართველი პარტიის ლიდერებისა და მხარდამჭერების მინიშნებები და აშკარა ბრალდებები, რომ თითქოს შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის 600 მლნ აშშ დოლარის გადახდის დაგვიანება საქართველოს ომში ჩართვის მიზნით საგარეო ჩარევის კოორდინირებული ქმედება იყო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის მიზნით, უკრაინა, ევროკავშირი, აშშ და ნაციონალური მოძრაობა კოორდინაციაში არიან შვეიცარიულ ბანკთან.
„ამ აბსურდზე და ბოდვებზე აქვთ აწყობილი პიარი, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორღაც გადაარჩინონ ბიძინა ივანიშვილი“, – თქვა მან.
„ჩვენ უნდა დავუკვირდეთ და არ უნდა მივცეთ ამ ადმიანს [ბიძინა ივანიშვილს] საშუალება, რომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე ივაჭროს იგივე თავის ბანკთან ან სხვა საფინანსო ინსტიტუციებთან ან თუნდაც დასავლეთთან, რომ თუ თქვენ რამით დამემუქრებით, მაშინ მე საქართველოს მართლა საბოლოოდ რუსეთის გუბერნიად გადავაქცევ“, – თქვა მან.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომლესაც ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებები შეიცავს.
„ფაქტობრივად, ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ბედით დაიმუქრა კობახიძე და ქართული ოცნების წარმოამდგენლობა, როგორც კი ბიძინა ივანიშვილის მილიონებს პრობლემა შეექმნა, მერე ნახეთ, რას ვიზამთო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
„არადა, მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ეგ კაციო [ბიძინა ივანიშვილი] პოლიტიკაში არ არისო, ცალკე აღებული ერთ რიგითი მოქალაქეაო“, – დასძინა მანვე.
პარტია ლელოს გენერალური მდივნის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით კი – ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები „რუსეთის რბილი ძალის გამოყენების შესანიშნავი“ მაგალითია.
ჯაფარიძისვე თქმით, მათი მცდელობაა, რომ ადამიანებს შთაუნერგონ, რომ ვითომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აშშ საქართველოს ომში ითრევს.
„ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ როგორმე იქნებ შელახონ იმიჯი შეერთებული შტატების, ნატოსი, ევროკავშირის და ეს საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს“, – თქვა მანვე.
ქართული ოცნების ლიდერებმა წინა დღეს უარყვეს ბრალდებები, თითქოს ისინი შვეიცარიულ ბანკთან კოორდინაციით აშშ-ს საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში ადანაშაულებენ.