საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. მიმდინარე წლიდან საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი ინდიკატორის, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გამოქვეყნება დაიწყო. ამ მეთოდოლოგიით, 2022 წლის აპრილში ინფლაციამ 13.0 პროცენტი შეადგინა, რაც 0.2 პროცენტით მეტია ეროვნული მეთოდოლოგიით დაანგარიშებულ 12.8 პროცენტიან ინფლაციაზე.
რაც შეეხება ცალკეულ კომპონენტებს, ევროკავშირის HICP მეთოდოლოგიით, პროცენტული ცვლილება წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ასე ნაწილდება: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – 20.6%; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო – 6.1%; ტანსაცმელი და ფეხსაცმელი – 2.3%; საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები – 9.3%; ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება – 11.0%; ჯანმრთელობის დაცვა – 2.0%; ტრანსპორტი – 22.6%; კავშირგაბმულობა – 0.9%; დასვენება, გართობა და კულტურა – 4.1%; განათლება – 2.7%; სასტუმროები, კაფეები და რესტორნები – 12.3%; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – 5.8%.