საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. ეს უკვე თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ვაშინგტონში აცნობიერებენ – რუსეთი იოლად ასაღები ბასტიონი არ არის და მასთან ბრძოლის გამწვავება არ ღირს. ეს ეხება არა მარტო შუა აზიის რეგიონს, არამედ შავი ზღვის რეგიონსაც, მათ შორის, ყირიმს. ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში აღმოსავლეთ ევროპის რუსოფობულ რეჟიმებს დიდი მოლოდინები ჰქონდათ იმისა, რომ ბაიდენი გაამწვავებდა ვითარებას დონბასში და რუსეთს შეერკინებოდა კიდეც, თუმცა ვაშინგტონში გონიერებამ გაიმარჯვა და ამერიკა არ წავიდა ვითარების გამწვავებაზე.
ამ კონტექსტს, როგორც ჩანს, ჯეროვნად ვერ აცნობიერებს უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი და ჯიუტად განაგრძობს უპერსპექტივო მცდელობებს, რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა გააძლიეროს, კერძოდ, ვითარება დაძაბოს ახლა უკვე ყირიმის საკითხის გარშემო. რა თქმა უნდა, ზელენსკის ამ საკითხში მოკავშირეები ამერიკაშიც ჰყავს, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, აშშ პრეზიდენტსა და მის ადმინისტრაციას არ აქვთ ხალისი, რუსეთს შეეჯახონ. ზელენსკისთვის ყირიმის საკითხი უფრო საკუთარი მოქალაქეების ყურადღების გადატანაა საშინაო პრობლემებიდან რუსეთთან კონფრონტაციაზე, უკრაინის პოპულისტი პრეზიდენტი, რომელიც ვერა და ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფო მოღვაწედ, ცდილობს, რუსეთისთვის პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით შიდაპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და თან თავისი მყვირალა რუსოფობი მეზობლების – პოლონეთის, ლატვა-ლიტვისა და ესტონეთის ხელისუფალთა გულები მოიგოს.
გამომდინარე თავისი უპასუხისმგებლობიდან და რეალობასთან შეუფერებელი ამბიციებიდან, ზელენსკიმ ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ გამოაცხადა ე. წ. „ყირიმის პლატფორმის“ – საერთაშორისო პლატფორმის შექმნის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას ყირიმის დეოკუპაციის მისაღწევად. 23 აგვისტოს უკრაინაში შედგება ამ პლატფორმის დამფუძნებელი სამიტი, უცხოური დელეგაციების მონაწილეობით. უკრაინის პრეზიდენტის მეხოტბე პროპაგანდისტები აქცენტს უცხოელი დელეგატების რაოდენობაზე აკეთებენ . უკრაინული ოფიციოზის ინფორმაციით, 16 აგვისტოს მდგომარეობით, სამიტზე ელიან 40 საზღვარგარეთელ პარტნიორს. მაგრამ უკრაინული მხარე ამ მომენტამდე ასაიდუმლოებს მონაწილეთა ზუსტ სიას. ასევე უცნობია სამიტის კონკრეტული დღის წესრიგი. ეს ყველაფერი, გამომდინარე იქედან, რომ სამიტამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, უკრაინის პოზიციების სისუსტეზე უფრო მეტყველებს. ასევე აშკარაა, რომ სამიტი არ არის ისეთი წარმომადგენლობითი, როგორც ეს ზელენსკის სურდა.
და, მართლაც, რატომ უნდა დაუჭიროს მხარი მთელმა მსოფლიომ ბუნდოვან პროექტს, რომელშიც მონაწილეობა აუცილებლად გამოიწვევს რუსეთთან ურთიერთობების გაუარესებას? ვის შეიძლება აძლევდეს ეს ხელს, თავად ზელენსკის გარდა?
ნათქვამი დასტურდება აშშ-ის მხრიდან დაგეგმილი დელეგაციის სტატუსით. ცნობილია, რომ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე ვაშინგტონი წარმოდგენილი იქნება ტრანსპორტის მინისტრის, პიტ ბუტიჯიჩის მიერ. ამაზე უფრო არაადეკვატური კანდიდატურის წარმოდგენა ძნელი იქნებოდა. გარდა იმისა, რომ ამერიკელი ჩინოვნიკის თანამდებობა არ უკავშირდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკას, თავად ბუტიჯიჩის კანდიდატურა, პიროვნულად, მიუღებელი იქნება კონსერვატორი პოლიტიკოსებისთვის, ვინაიდან ბუტიჯიჩი არის ლგბტ-საზოგადოების წარმომადგენელი. ბუტიჯიჩის სამიტში მონაწილეობის თემა „შაყირად“ იქცა თავად უკრაინაშიც. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ილია კივამ დაწერა: „ამერიკა განსაკუთრებული იუმორის გრძნობით აჩვენებს თავის ნამდვილ დამოკიდებულებას ‘ყირიმის პლატფორმის’ სამიტისადმი, თავისი ოფიციალური წარმომადგენლის – ოფიციალური *** (გეის – ავტორის შენიშვნა) პიტერ პოლ მონტგომერი ბუტიჯიჩის, გამოგზავნის საშუალებით. ხალხში უკვე ამბობენ: ჩაშვებული ღონისძიება!“.
სამიტზე მონაწილეობას თავი ასევე აარიდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიიპ ერდოღანმა, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებს ყირიმის „რუსულ სტატუსს“. თურქეთის ლიდერს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთთან ურთიერთობებში წითელი ხაზები არ უნდა გადაკვეთოს. თურქეთის ლიდერის მონაწილეობა არც კიევის მიერ 1944 წელს დეპორტირებული ყირიმელი თათრების საკითხის დემაგოგიური წინ წამოწევით მოხერხდა – სამიტს ყირიმელი მომღერალი ქალი „ჯამალა“ გახსნის სიმღერით „1944“. დიდი კითხვის ქვეშ არის თურქეთის საგარეო მინისტრ ჩავუშოღლუს მონაწილეობაც.
გერმანიის ჯერ კიდევ მოქმედი კანცლერი ანგელა მერკელი 22 აგვისტოს კიევში იქნება, იგი მოწვეულია „ყირიმის პლატფორმაზეც“, მაგრამ მერკელს თავისი თანხმობა 23 აგვისტოს გასამართ სამიტზე არ მიუცია. გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი და სხვა დასავლეთევროპული სახელმწიფოები, მიზანშეუწონლად მიირჩნევენ აქამდე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების დუბლირებას . ისინი საკითხს ასე უდგებიან – რა საჭიროა „ყირიმის პლატფორმა“, თუკი ყირიმის საკითხი ისედაც განიხილება გაეროში, ევროსაბჭოში და ა. შ.?
ასე რომ, ზელენსკის სამიტში ძირითად მონაწილეებად ყბადაღებული „დიპკორპუსი“ რჩება – კიევში აკრედიტებული უცხოელი ელჩები. ისინი იქნებიან მონაწილეთა „მასა“. ძნელი სათქმელია, აცნობიერებს თუ არა ზელენსკი, რომ მან „ყირიმის პლატფორმის“ შექმნის მცდელობით საქმე უფრო გაიფუჭა, ვიდრე რამეს მიაღწია, მაგრამ მას ეს გაცნობიერებულიც რომ ჰქონდეს, ახლა უკან ვეღარ დაიხევს – იმხელა მასშტაბის ფინანსური, დიპლომატიური, საინფორმაციო ღონისძიებებია უკვე გატარებული ამ მკვდრადშობილი პროექტის განსახორციელებლად.
წამყვანი სახელმწიფოებისა და პოლიტიკოსების ნაკლებობის დეფიციტის შევსებას სამიტზე კიევი ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე ცდილობს, რომლებსაც რაიმე განსაკუთრებული ინტერესი შავი ზღვის რეგიონისა და, კერძოდ, უკრაინის მიმართ, არ გააჩნიათ. ეს ქვეყნები ასევე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას მსოფლიოს დღის წესრიგსა და გეოპოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ვინაიდან ახლა კიევისთვის ხარისხი მიუღწეველია, იგი რაოდენობით ცდილობს ფონს გასვლას. ეს არის უკრაინის პოლიტიკისა და პირადად ზელენსკისა და მისი მრჩევლების მარცხი.
საქართველო ფრთხილად უნდა იყოს და ზელენსკის ხრიკებში არ გაერიოს, მით უმეტეს, ზელენსკისა და მთელ უკრაინულ ხელისუფლებას საქართველოსთვის არაფერი კარგი არ გაუკეთებიათ. მხარდამჭერი განცხადებები ერთია – ამას საქართველოც არ აკლებს უკრაინას, მაგრამ რეალური საქმეებით უნდა იზომებოდეს მეგობრობა. დღესდღეობით ვხედავთ, რომ ზელენსკი ხელს აფარებს ოდიოზურ პიროვნებას, მ. სააკაშვილს, რომლის მიმართ ქართველ სამართალდამცველებს და, უფრო მეტად, ქართულ საზოგადოებას, უამრავი კითხვა დაუგროვდათ. ზელენსკი და მისი ხელისუფლება პატივს არ სცემენ საქართველოს, ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმური სტრუქტურების სურვილს. ამიტომ, გვახსოვდეს – ასეთი „მეგობარი“ მხოლოდ შარში თუ გაგვხვევს, თავისთვის გამოგვიყენებს, მაგრამ სანაცვლოდ არაფერს მოგვცემს.
გულბაათ რცხილაძე