საქართველო, 9 მაისი, საქინფორმი. როგორც „საქართველოს უკვდავი ჯარის“ დამაარსებელს, პერიოდულად შემომდის სატელეფონო ზარები და წერილები, დიდი სამამულო ომის მონაწილეთა შთამომავლებისაგან. ზოგი თავისი წინაპრის შესახებ ინფორმაციების მოძიებაში მთხოვს დახმარებას, ზოგს კი სურს, საზოგადოებამ გაიცნოს ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი წინაპარი.
ასეთი მასალები ჩვენი ინტერნეტ-გვერდისა და გაზეთ „საქართველო და მსოფლიოს“ მეშვეობით უკვე გამოვაქვეყნეთ, რითაც პატივი მივაგეთ არა მხოლოდ ვინმეს ოჯახის წევრებს, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის საამაყო ადამიანებს.
ამჯერად, გთავაზობთ შესანიშნავი პიროვნების, 91 წლის ბატონ დავით რობაქიძის მიერ მოწოდებულ მასალას, თავისი ფრონტელი მამის, ტარას დავითის ძე რობაქიძის შესახებ.
დოკუმენტი
სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატი
მოძრავი საველე ჰოსპიტალი 2325.
უ წ ყ ე ბ ა
თქვენმა შვილმა, რობაქიძე ტარას დავითის ძე, წითელარმიელი, დაბადებული 1907 წელს, საქ. სსრ, ქ. ზესტაფონი, ჩხარის რ-ნი, სოფ. გოგნი, სოციალისტური სამშობლოსათვის ბრძოლაში, უერთგულა რა სამხედრო ფიცს, გამოავლინა გმირობა, ვაჟკაცობა, გარდაიცვალა 1942 წლის 31 იანვარს. დაკრძალულია ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რ-ნის სოფ. ზაგრიზოვოში.
ეს უწყება წარმოადგენს დოკუმენტს პენსიის მოთხოვნისათვის (სსრკ თავდაცვის სახალხო კომისარიატის ბრძანება #----).
/პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები, ბეჭედი/.
ბატონი დავითის წერილიდან:
„დიდი სამამულო ომის დაწყებიდან, მამაჩემი, ტარასი დავითის ძე რობაქიძე, რომელიც მაშინ ცხოვრობდა ჩხარის (დღევანდელი თერჯოლის) რაიონის სოფელ გოგნში, მალევე გაიწვიეს ჯარში. იმ დროს უკრაინის ქალაქი ხარკოვი ხელიდან ხელში გადადიოდა და ხან ფაშისტები იდგნენ იქ, ხან საბჭოელები.
მამაჩემი დაიჭრა მძიმედ და ხარკოვის ოლქის ბოროვის რაიონის სოფელ ზაგრიზოვოში, საველე ჰოსპიტალში, გარდაიცვალა (მაშინ იქ სკოლა იყო). ოჯახმა იმ სოფლიდან მიიღო უკანასკნელი, სამკუთხედად დაკეცილი წერილი.
გავიდა ხანი და, მე, უფროსმა შვილმა, დავიწყე მამის სამარხის მოძიება. ხუთი თუ ექვსი წელი მქონდა მიმოწერები და, ბოლოს, მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკიდან მივიღე შეტყობინება და მწერდნენ, თუ სად იყო დასვენებული ათი მეომარი, მათ შორის, ორი ქართველი - საშუალო სკოლის ეზოში, ძმათა სასაფლაოზე. იქვე, მათ თავს, იდგა უზარმაზარი საბჭოთა მეომრის თავაწვდილი ქანდაკება.
1977 წლის 9 მაისს ჩავედით იმ სოფელში, მე, ჩემი ძმა ვალერიანი და ჩემი უფროსი ქალიშვილი ელზა, რომელიც იმ დროს 25 წლისა იყო. დიდებული შეხვედრები მოგვიწყეს. ჩვენც თან წაღებული გვქონდა ქართული ღვინოები, ჭაჭა და კიდევ ბევრი სხვა“.
ბატონმა დავითმა, წერილთან და დოკუმენტთან ერთად, რამდენიმე ფოტოსურათიც გამოგვიგზავნა. ტარას რობაქიძის გარდა, ზაგრიზოვოში დაკრძალულია მეორე ქართველი მეომარი - რიგითი ა. შ. მენთეშაშვილი. ბატონმა დავითმა, სამწუხაროდ, ვერ მიაკვლია მის ჭირისუფალს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, 1977 წლიდან მოყოლებული.
გულბაათ რცხილაძე