სამართალი
26 მაისს დაკავებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი მურმან დუმბაძე საავადმყოფოში არ გადაჰყავთ

dumbadze_murmanპოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ორგანიზაცია „ემსახურე საქართველოს“ ხელმძღვანელის, 26 მაისს დაკავებული მურმან დუმბაძის, თელავის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს.

როგორც „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, მურმან დუმბაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, მას მრავლობითი დაჟეჟილობა და გულმკერდის არეში სისხლჩაქცევები აღენიშნება, ერთ თვალზე მხედველობა დაქვეითებული აქვს და, სავარაუდოდ, ნეკნები აქვს დამტვრეული.

„მიუხედავად „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კახეთის ოფისის ხელმძღვანელ მარეხ მგალობლიშვილის შუამდგომლობისა, დუმბაძისთვის საფუძვლიანი გამოკვლევა ამ დრომდე არ ჩაუტარებიათ, რაც პატიმრის მიმართ ხელისუფლების მიზანმიმართულ და არაკანონიერ ქმედებას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აცხადებს მოსიაშვილი და თელავის დროებითი დაკავების იზოლატორის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, მურმან დუმბაძე თელავის რაიონულ საავადმყოფოში სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი.