საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. რუსეთის მფლობელობაში არსებულმა მინერალური წყლების კომპანია „IDS ბორჯომმა“ რეორგანიზაციის შედეგად 49 თანამშრომელს ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილებამდე ცოტა ხნით ადრე, კომპანიამ „უკრაინაში რუსეთის ომით გამოწვეული რთული გარემოებების გამო“ ორივე ქარხანაში პროდუქციის წარმოება დროებით შეაჩერა.
კომპანიის მიერ „სამოქალაქო საქართველოსთვის“ გამოგზავნილ განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანია „იძულებული“ გახდა რეორგანიზაცია დაეწყო მას შემდეგ, რაც „თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის“ მისაღები არ აღმოჩნდა მოცდენილი სამუშაო საათების 50%-ით ანაზღაურება, მაშინ, როდესაც ქარხნები დაკეტილია.
კომპანიის თქმით, მას „აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა“.
თანამშრომლებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, თუ ვის შეეხო რეორგანიზაცია, სანამ კომპანია დასაქმებულებს გათავისუფლების ბრძანებებს არ გადასცემს, განაცხადა პროფესიულმა კავშირმა „ლაბორ-მა“, რომელიც კომპანიის 400-მდე თანამშრომელს წარმოადგენს.
პროფკავშირის თქმით, შესაძლოა, „IDS ბორჯომი“ ცდილობს, რომ დასაქმებულებში დაპირისპირება გამოიწვიოს და რეორგანიზაციის აუცილებლობა იმ დასაქმებულებს გადააბრალოს, რომლებმაც გაუარესებულ შრომით ხელშეკრულებებს ხელი არ მოაწერს.
დასაქმებულები მშვენივრად ხვდებიან, რომ კომპანიამ მიზნის მისაღწევად გადაწყვიტა მშრომელების დაპირისპირება, ხვდებიან რას ემსახურება კომპანიის რიტორიკა და ქმედებები და სანაცვლოდ მიიღებენ უფრო დიდ ერთიანობას“, – ნათქვამია „ლაბორ-ის“ განცხადებაში.
ანაზღაურებაზე მოლაპარაკებების ჩაშლამდე, „ლაბორ-მა“2 მაისს განაცხადა, რომ დასაქმებულები დათანხმდებოდნენ გაეფორმებინათ შეთანხმება „IDS ბორჯომთან“, თუ ის მისცემდა მათ გარანტიას, რომ შემცირებულ ანაზღაურებას მხოლოდ სამი თვის განმავლობაში მიიღებდნენ, რის შემდეგაც, კონტრაქტებს გადახედავდნენ.
„ლაბორ-ის“ თქმით, გარანტიის გარეშე, დასაქმებულები უარს იტყოდნენ კომპანიის პირობებზე და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დანაპირების შესრულებას დაელოდებოდნენ, რომლის თანახმადაც, მთავრობა უახლოეს მომავალში „IDS ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაციას გაავრცელებს.
კომპანიამ წარმოების შეჩერების შესახებ 29 აპრილს განაცხადა და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე – რუსეთსა და უკრაინაში – შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც „კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა“.
„IDS ბორჯომი საქართველო“ კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ კიურასაოში დარეგისტრირებული IDS Borjomi International-ის შვილობილი კომპანიაა. 2013 წლიდან, IDS Borjomi International-ის 60%-იან პაკეტს რუსული „ალფა ჯგუფი“ ფლობს. ჯგუფის თანადამფუძნებელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია.
„ალფა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია, „ალფა ბანკი“, რუსეთის უმსხვილესი კერძო ბანკია, რომელიც უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის გამო აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციების სამიზნე გახდა.
„ლაბორ-მა“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართა, რომ დასაქმებულებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის შუამავლის როლი შეასრულოს.
„ახლა კი ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსვათ კითხვა – ერთი პუტინთან სიახლოვის გამო სანქცირებული რუსი ოლიგარქი ფრიდმანი გვირჩევნია, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, 1 000 სამუშაო ადგილს, ან ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს ბორჯომის წყალს?“, – განაცხადა „ლაბორ-მა“ დღეს.
საკითხზე საუბრისას, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი დიასამიძემ 4 მაისს განაცხადა, რომ „თუ რომელიმე სანქცირებული ოლიგარქის გამო 1 000 დასაქმებული სამსახურის გარეშე რჩება, ხელფასები უმცირდებათ და ერთ-ერთი უდიდესი ქარხანა იხურება, ბორჯომის წყალი ნიადაგში იღვრება, ეროვნული სიმდიდრით ვერ ვისარგებლებთ, როგორც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს და სანქცირებულ რუს ოლიგარქებს ქონება ჩამოართვეს. ერთი სანქცირებული ფრიდმანი გვირჩევნია ზემოთჩამოთვლილ ამდენ სიკეთეს?“.