საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. უკრაინელები ზოგჯერ კიდევ უფრო მეტს და მეტს ითხოვენ თავიანთი პარტნიორებისგან, არა მხოლოდ საქართველოსგან. უხეშ გამონათქვამებს იყენებენ სხვადასხვა პარტნიორების მიმართ. დიახ, მათ სურთ, მიიღონ იარაღი საქართველოდანაც, საქართველომ გახსნას მეორე ფრონტი. ეს ყველაფერი შეუძლებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა უფრო რეალისტურია იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთება შეუძლია ქვეყანას ამ ეტაპზე, იმის გათვალისწინებით რომ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და ერთ-ერთში საუბარი მიმდინარეობს რუსეთთან შეერთების შესახებ „რეფერენდუმის“ ჩატარებაზე. ცხადია, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენ არ გვაქვს ბევრი საშუალება და არავინ იქნება მზად, მხარი დაუჭიროს საქართველოს [უკრაინის] მსგავსად, თუმცა ეს არანაირად არ ცვლის სოლიდარობის დონეს, რაც ჩვენ უკრაინის მიმართ გვაქვს“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.