სამართალი
პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად გაუარესდა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. პრესის თავისუფლების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (Reporters Sans Frontières – RSF) მიერ 3 მაისს გამოქვეყნებული ყოველწლიური კვლევის თანახმად, გასულ წელს, საქართველოში პრესის თავისუფლების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუარესდა. საქართველომ 180 ქვეყანას/ტერიტორიას შორის მე-60-დან 89-ე ადგილზე გადაინაცვლა.

საქართველოსთვის ეს პოზიცია 2013 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია, როდესაც ქვეყანა მე-100 ადგილზე იყო. ეს ადგილი პრობლემური სიტუაციების კატეგორიას მიეკუთვნება.

ქვეყნის საბოლოო ქულამ 59.30 შეადგინა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი — 80.79 ქულა ქვეყანამ საკანონმდებლო ჩარჩოს მაჩვენებელში აიღო, ყველაზე დაბალი კი — 41.34 უსაფრთხოების კრიტერიუმში. ამასთან, საქართველოს 75.50 ქულა აქვს სოციოკულტურული კონტექსტის ინდიკატორში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ კონტექსტში კი — 52.42 და 46.43 ქულა.

წელს, RSF-ის პრესის თავისუფლების ინდექსი ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით არის შედგენილი, რომელიც ეფუძნება ზემოთ ჩამოთვლილ ხუთ კონტექსტურ მაჩვენებელს, მათ შორის, პოლიტიკურ კონტექსტს, საკანონმდებლო ბაზას, ეკონომიკურ კონტექსტს, სოციოკულტურულ კონტექსტს და უსაფრთხოებას. შესაბამისად, ორგანიზაციის თქმით, წლევანდელი ქულების წინა წლების მაჩვენებლებთან შედარებას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ განცხადებით, საქართველოს მთავრობის ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს. „2021 წელს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკური ძალადობის უპრეცედენტო დონე დაფიქსირდა“.

მედიაში დასაქმებულებზე საუბრისას, RSF-მა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმები ხშირია, მათ შორის, ხელისუფლების უმაღლესი პირების მხრიდან, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში.

2021 წლის ივლისში, ჰომოფობიური კონტრდემონსტრაციების დროს 50-მდე ჟურნალისტის ლინჩის წესით გასამართლებამ, შემსწრე საპოლიციო ძალების გულგრილობის ფონზე, თვალსაჩინო გახადა სერიოზული რეგრესი. გამოძიებათა პროცესში გამჭვირვალობისა და პროგრესის ნაკლებობა მოწმობს ქვეყანაში ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობას“.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ გავლენიან საჯარო ფიგურებს, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებს, უსაფრთხოების სამსახური უსმენს, რაც ჟურნალისტის წყაროს კონფიდენციალურობას არღვევს.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მედიაგარემო პლურალისტურია, ის პოლიტიკურად მკვეთრად პოლარიზებულია. „მფლობელები ხშირად ინარჩუნებენ კონტროლს სარედაქციო მასალებზე, მაგალითად, ისევე როგორც ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ შემთხვევაში, როდესაც მისი სარედაქციო ხაზი მას შემდეგ შეცვალა, რაც იგი ყოფილ მეპატრონეს დაუბრუნდა“.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლების მხრიდან ჩარევა საზოგადოებრივ მედიაშიც შეინიშნება.

RSF-მა განაცხადა, რომ მედიის პლურალიზმისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით წინა რეფორმებისგან განსხვავებით, ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებით საქართველოს მთავრობამ აჩვენა სურვილი, გააკონტროლოს დამოუკიდებელი რადიო და ტელევიზიები.

„ცენზურის, ჩხრეკისა და დაშინების გზით ხელისუფლების სამიზნე ზოგჯერ ის მედია საშუალება ხდება, რომელიც მათ აკრიტიკებს”, – ნათქვამია იქვე.

RSF-მა ასევე განაცხადა, რომ სასამართლო სისტემა ზოგჯერ ცდილობდა ეჭვქვეშ დაეყენებინა წყაროების კონფიდენციალურობის დაცვის უფლება, რაც გარანტირებულია გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით.

შედარებისთვის, კვლევის მიხედვით, მოლდოვა მე-40 ადგილს იკავებს, სომხეთი 51-ს, უკრაინა კი – 106-ე ადგილზეა. ამასთან, პრესის თავისუფლების ინდექსში მეზობელი თურქეთი 149-ე ადგილზეა, ბელარუსი 153-ზე, აზერბაიჯანი – 154-ზე, რუსეთი კი – 155-ზე.