პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: უკრაინული ინსტიტუციების განცხადებებს ფასი ეკარგება

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. არ ვიცი, როგორ მუშაობს უკრაინის დაზვერვა, მაგრამ ერთი რამ ვიცი - როდესაც იმ მეგობრის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, გააჟღერებ ასეთ მძიმე ბრალდებას და მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი, სადაც რუსეთი იყო ჩართული, დააბრალებ რუსეთთან გარიგებას, მინიმუმ რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უკრაინის დაზვერვის განცხადება შეაფასა.

მისი თქმით, როდესაც მტკიცებულება წარდგენილი არ არის, ისევე როგორც წინა შემთხვევაში „ყველა დარწმუნდა, რომ ეს ბრალდება ტყუილია“.

„სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების. არც რაიმე შედეგი აქვს. მათ შორის ოპოზიციაც, ნაწილობრივ არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ბრალდებების წამოსროლა ხდება საქართველოს მიმართ ისე, რომ მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი აღნიშნული განცხადების შემდეგ უკრაინულ მხარესთან კომუნიკაცია, პაპუაშვილი ამბობს, რომ „ეს განცხადება ხელშესახებიც კი არ ყოფილა და კონკრეტული არაფერი თქმულა“.

„აქ რაიმე ხელშესახები განცხადებაც კი არ იყო, კონკრეტულადაც არაფერი თქმულა, უბრალოდ ბრალდება იყო. ვხედავთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუცია სხვადასხვანაირად მოქმედებს. ერთადერთი შედეგი ისაა, რომ ამ ინსტიტუციების განცხადებებს ფასი ეკარგება. არადა ასეთ მდგომარეობაში, როდესაც ომია, მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტებმა სერიოზულობა არ დაკარგონ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათივე განმარტებით, ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.