აქტუალური
საკანონმდებლო ორგანო მორიგი საგადასახადო ცვლილებებისთვის ემზადება

satamasho_biznesამჯერად ცვლილებები სათამაშო ბიზნესს შეეხება. სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის თანახმად, სათამაშო ბიზნესი მოგებისა და სხვა გადასახადებისგან გათავისუფლდება, მაგრამ შეიცვლება სანებართვო პირობები და მნიშვნელოვნად გაიზრდება მოსაკრებლის მოცულობა.

სანებართვო მოსაკრებლის მინიმალური ზღვარი 50 ათასი ლარით განისაზღვრება, ხოლო მაქსიმალური – 1 მილიონი ლარით. ასევე, 5 წლამდე გაიზრდება ნებართვის ვადა.

მოქმედი ნორმით, სათამაშო ბიზნესით საქმიანობისთვის ნებართვა 1 წლის ვადით გაიცემა და მოსაკრებელი თბილისში, ბათუმსა და სხვა დიდ ქალაქებში 20 ათას ლარს შეადგენს, რეგიონებში კი – 12 ათას ლარს. ცვლილების ამოქმედების შემდეგ, სანებართვო მოსაკრებლის ზუსტ რაოდენობას დადგენილი ნორმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო განსაზღვრავს.

ხელისუფლებას სურს, ამ ბიზნესის ადმინისტრირების უფრო მოქნილი სისტემა შექმნას, რადგან მაკონტროლებელ ორგანოს, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი შემოსავლების კონტროლი უჭირს. ექსპერტები კი მიიჩნევენ, რომ ცვლილებები სათამაშო ბიზნესის წვრილ მოთამაშეებს აიძულებს, საქმიანობა შეაჩერონ.