პოლიტიკა
ევრაზიის ინსტიტუტი - პრესრელიზი (29 აპრილი, 2022 წელი)

 საქართველო, 2 მაისი, საქინფორმი. 28-29 აპრილს გაიმართა ევრაზიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნა უკრაინის კონფლიქტს, ამ კონფლიქტის გავლენას საქართველოზე და მომავალ 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, გასატარებელ ღონისძიებებს.

ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორმა გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში, დასავლეთის წამხედურობით, ადგილი აქვს უკიდურესად მძაფრ ანტირუსულ კამპანიას, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ოპოზიციური, ისე სახელისუფლებო საინფორმაციო საშუალებები.

პოლიტოლოგმა დაასახელა კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ ფიქრობს, რომ უკრაინულ ბუჩაში მომხდარი ტრაგედია არა რუსი, არამედ უკრაინელი სამხედროების ნახელავია:

„მასობრივი მკვლელობების ხმამაღალი ფაქტები, რომლებიც დასავლურმა პოლიტიკამ და ჟურნალისტიკამ (მით უმეტეს, უკრაინულმა) რუსეთს მიაწერეს, მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ქსელში გავრცელდა ფრიად რეალური შემთხვევები (ფაქტები) რუსი სამხედრო ტყვეების წამებისა უკრაინელი სამხედროების მიერ. ასევე გავრცელდა საშინელი კადრები, რომლებიც უფრო ადრე, ომამდეა გადაღებული და რომლებზეც ასახულია, თუ როგორი წარმოუდგენელი მეთოდებით უსწორდებიან უკრაინაში სამოქალაქო პირებს - მათ, ვისაც რუსეთი იზიდავს და არ ეთანხმებიან ნაცისტურ რეჟიმს. მე თავად დავუგზავნე ეს ვიდეოები ზოგიერთ დასავლელ ჟურნალისტსა და უფლებადამცველ ორგანიზაციას, მათ შორის, “ემნესტი ინტერნეშენელის“ კავკასიურ ბიუროს გერმანიაში. უკრაინულმა მხარემ ეს საშინელი ფაქტები ბუჩას საშინელი ფაქტებით „გადაფარა“, როდესაც ამ ტრაგედიის ავტორობა რუსეთის ჯარებს მიაწერა.

მე ასევე დამაეჭვა ფაქტმა, თუ როგორ იწვნენ გვამები ბუჩაში. ბევრი მათგანი განლაგებული იყო ქუჩების კიდეებზე, გარკვეული დისტანციით. რუსეთში ყველამ შეამჩნია გვამებზე თეთრი სამკლაურები, რის საფუძველზეც გაკეთდა დასკვნა, რომ ესენი არიან „პრორუსული“ ადამიანები, რომლებიც უკრაინელმა დამსჯელებმა დახოცეს და ისინი რუსების მსხვერპლად გაასაღეს. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ლოგიკური ახსნაა“.

გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, რომ უკრაინაში დღეს არსებული რეჟიმი გაცილებით უფრო რეპრესიულია, ვიდრე საქართველოში სააკაშვილის რეჟიმი იყო. ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორის თქმით, თუკი გავიხსენებთ, რა როლს ასრულებდა შიშის ფაქტორი სააკაშვილის დროინდელ საქართველოში, უკეთ მივხვდებით, რა შიშის ქვეშ ცხოვრობს ხალხი უკრაინაში, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმზე ბევრად უფრო სასტიკი რეჟიმი მართავს.

რაც შეეხება საქართველოს, მასზე უკრაინის კონფლიქტის ნეგატიური გავლენა საყოველთაოდაა ცნობილი. ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაჩაღებულმა ანტირუსულმა ფსიქოზმა უკვე გამოიწვია მომავალი ტურისტული სეზონის ჩავარდნა - „მაშინ, როდესაც საქართველოში მტულად ეპყობიან თვით რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჩამოსულ რუსებს, ქვეყანა „მორთეს“ უკრაინის დროშებით, რუს ხალხს კი გამუდმებით შეურაცხყოფას აყენებენ, ნორმალური ტურისტი აქ არ ჩამოვა“ - აღნიშნა რცხილაძემ და ამაში ხელისუფლების სირბილეს და გაურკვეველ პოზიციას დასდო ბრალი.

ხელისუფლება, მისი თქმით, მართალია, ოფიციალურად არ უერთდება ანტირუსულ სანქციებს და ეს სწორია, მაგრამ ამავე დროს, იგი აკოტრებს „ვითიბი“ ბანკს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმის გამო, რომ რუსულ სათავო „ვეტებეს“ დასავლური სანქციები დაედო. ეს უკვე სანქციებში მონაწილეობაა საქართველოს მხრიდან - ასე აფასებს ვითარებას რცხილაძე და ამ ყველაფრის უკან ამერიკის ხელს ხედავს.

ექსპერტმა ასევე აღნიშნა უკრაინის არამეგობრული პოზიცია საქართველოს მიმართ და მცდელობები, საქართველოს ხელისუფლებაზე მიუღებელი კურსის თავსმოხვევისა. ამ ფონზე, რამდენადაც უხეშად არ უნდა ჟღერდეს, საქართველომ უნდა იფიქროს თავის ინტერესებსა და სარგებელზე, რომელიც შეიძლება მიიღოს მიმდინარე მოვლენებში სწორი პოზიციის დაკავებიდან. გულბაათ რცხილაძის აზრით, უნდა იქნას დაცული ბალანსი და ნაბიჯები გადაიდგას მეორე მხარის მიმართაც, ჰუმანიტარულ საკითხებში მაინც. კერძოდ, ევრაზიის ინსტიტუტის რეკომენდაციებია:

გაღრმავდეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან - წახალისდეს ერთობლივი საწარმოების შექმნა (განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის სფეროში);

საჭიროა, შეიქმნას ერთობლივი ბანკი, რომელიც დაკავებული იქნება მხოლოდ რუსული მიმართულებით და იმუნიტეტი ექნება დასავლური შეზღუდვების მიმართ; „ნორმალური საბანკო კავშირების გარეშე ვერ გვექნება ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები“ - მიუთითებს რცხილაძე;

ბალანსისთვის გამოცხადდეს ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დონბასის ბავშვებისთვის (თუნდაც ცალკე აღებული მარიუპოლისთვის). რცხილაძის აზრით, ჰუმანიტარული ტვირთები ბიზნესმენებმა, ასევე რუსეთის ქართულმა დიასპორებმა უნდა შეაგროვონ. „რაო, ბატონებო, ჩურჩხელის ყიდვა გენანებათ და დონბასის ბავშვებისთვის პატარა სიამოვნების მინიჭება? ამ ადამიანურ ჟესტს ასევე ადამიანურად შეაფასებენ ჩვენი ძმები და დები. უანგაროდ უნდა დავეხმაროთ და საქართველოს პოზიციები თავისთავად გამყარდება იქ, სადაც საჭიროა!“ - აღნიშნა რცხილაძემ;

პოლიტიკის ექსპერტი ასევე ხედავს დიალოგის აუცილებლობას ავიამიმოსვლის საერთაშორისო იურიდიული ასპექტების საკითხებთან დაკავშირებით, დარგის ექსპერტებს შორის.

„მესმის, რომ მთავრობის მიერ ჩვენი რეკომენდაციების განხორციელება გამოიწვევს ბუნტს და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, მაგრამ უმჯობესია, ჩვენ თავად დავაჩქაროთ ეს ისედაც გარდაუვალი მოვლენა!“ - ხაზგასმით აღნიშნა გულბაათ რცხილაძემ. მან ყურადღება გაამახვილა ასევე დნესტრისპირეთში მიმდინარე მოვლენებზე და ამტკიცებს, რომ თუკი მოლდავეთს ჩაითრევენ უკრაინის კონფლიქტში, ჯერი საქართველოზეც მიდგება.

9 მაისის დაგეგმილი ღონისძიებები - გულბაათ რცხილაძე:

„ათ წელზე მეტი ხნის წინ, საქართველოში გამოცხადებული „საბჭოთა წარსულის“ წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. საბჭოთა ხალხის ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნაც კი წარმოდგენილია როგორც საბჭოთა წარსულისადმი ერთგვარი ნოსტალგიის გამოვლინება და დაგმობილია, თუ წინა პლანზე არ დადგება ანგლო-ამერიკელთა ღვაწლი და გადამწყვეტი მნიშვნელობა. საბჭოთა ხალხისა და სახელმწიფოს ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ ჩუმათდება. მე არაერთხელ აღვნიშნე ჩემს სტატიებსა და გამოსვლებში, რომ საბჭოთა პერიოდის ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ ბრძოლას აქვს ერთი მთავარი ამოცანა - ჩვენი ხალხის მენტალურად და სულიერად გაუცხოება თანამედროვე რუსეთის მიმართ, რომელშიც პატივს სცემენ გამარჯვების დღეს და აფასებენ ყველა ხალხის, ყველა საკავშირო რესპუბლიკას დამსახურებას, სამართლიანად უწოდებენ ამ დიდ გამარჯვებას საერთო გამარჯვებას.

ეს საერთოობა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ხალხთა ისტორიული სიახლოვის განცდა ბუნებრივად უკავშირდება რუსეთს და ტრანსლირებულია რუსეთის მეშვეობით. ეს ქმნის პოზიტიურ ფონს საქართველოში რუსეთის აღქმისთვის, ქრება რუსეთის, როგორც მარადიული მტრის ხატი და ეს ძალიან აშინებს დასავლელ გეოპოლიტიკოსებს, რომლებიც თავიანთ ლაქიებს საბჭოთა წარსულთან და დიდ სამამულო ომის ხსოვნასთან ბრძოლას უბრძანებენ.

დასავლეთში ინსპირირებული და საქართველოში გავრცელებული აგრესია რუსეთისა და რუსების წინააღმდეგ, რაც უკრაინის მოვლენებმა გამოიწვია, კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას. მადამ ზურაბიშვილის ინიციატივა თბილისში უცნობი ჯარისკაცის ძეგლის სახელის გადარქმევასა და 1945 წლის გამარჯვების ხსოვნის მოსპობასთან დაკავშირებით -ბოლო ასი წლის აბსტრაქტული „გმირებით“ ჩანაცვლების გზით, როგორც არასდროს, ისე ახლოს არის განხორციელებამდე. თბილისის მერია შეგნებულად აჭიანურებს ვაკის პარკში აღდგენით სამუშაოებს, რითაც ხელს გვიშლის ტრადიციული დღესასწაულის მოწყობაში. ბოდიშს ვუხდი დიდი სამამულო ომის ცოცხალ ვეტერანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი დარჩნენ - მაგრამ პოლიტიკოსები მათ სხვა სამყაროში გამგზავრებას ელოდებიან და, ამის შემდეგ, ხსოვნის წმინდა ადგილს რუსეთის სიძულვილის პირქუშ ადგილად გადაქცევენ.

ამიტომ, წელსაც ვაკის პარკს მოვერიდებით და დედაქალაქის სხვა ადგილებში ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებშიც გავმართავთ ღონისძიებებს. გასულ წელს ჩვენმა ორგანიზაციამ მეგობრებთან ერთად აღადგინა გამარჯვების ძეგლი ქარელის ცენტრში, 9 მაისს იქ ქალაქის ადმინისტრაცია მივიდა და ყვავილებით შეამკო. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად, ყვავილები მივიტანეთ გენერალ ლესელიძის ბიუსტთან, რომლის სახელიც ერთი ათი წლის წინ წაართვეს თბილისის ცენტრალურ ქუჩას. ამრიგად, ხაზი გავუსვით ძმები ლესელიძეების - საბჭოთა კავშირის გმირების ღვაწლის მნიშვნელობას. წელს პატივს მივაგებთ პორფირე ჩანჩიბაძის ხსოვნას - ეს იყო გენერალი, ომისდროინდელი საბჭოთა სამხედრო იერარქიის უმაღლესი რანგის წარმომადგენელი. ამ რანგის ქართველები დიდ სამამულო ომში ძალიან ცოტანი გვყავდა. ალბათ იცით, რომ საბჭოთა კავშირის გმირის, პორფირე ჩანჩიბაძის ბიუსტი დგას კინოთეატრ „საქართველოს“ წინ, სკვერში.

ასევე პატივს მივაგებთ მელიტონ ქანთარიას, რომლის ბიუსტიც რამდენიმე წლის წინ კიკვიძის პარკში, თითქმის იმ ადგილის მოპირდაპირედ, სადაც ჩანჩიბაძის ბიუსტი დგას, გაიხსნა. სხვათა შორის, ეს მოხდა არა ხელისუფლების, არამედ მოხალისეების ინიციატივით. მადლობა ამ მოხალისეებს.

ჩემს მიერ ნახსენები ორი ადგილის შემდეგ ავალთ კუკიის სასაფლაოზე და პატივს მივაგებთ იქ დასვენებული ჯარისკაცების ხსოვნას. პეტრე-პავლეს სასაფლაოზე წავალთ კიდევ ერთ დასამახსოვრებელ დღეს - ალბათ 22 ივნისს. ვფიქრობ, რომ კუკიაზე მოვაწყოთ იქ განსვენებულთა სულთა პანაშვიდი.

ჩვენი მოხალისეები და მეგობრები 9 მაისს გამართავენ სამახსოვრო ღონისძიებებს თელავში, ქარელსა და ბათუმში.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თხოვნით, ეკლესიაში საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების წარმომადგენლები დიდ სამამულო ომში მონაწილეთა მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიან. და რა თქმა უნდა, ჩვენ ვლოცულობთ ცოცხალი ვეტერანებისთვის!

ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას დიდი სამამულო ომის მეხსიერების შესანარჩუნებლად და ჩვენი მოსახლეობის ფართო მორალურ მხარდაჭერაზე, რომელთა უმრავლესობა პატივს სცემს წინაპრების ხსოვნას და სწორად ესმის დიდი სამამულო ომის ადგილი ქართულ და მსოფლიო ისტორიაში."

საქინფორმი