რელიგია
ნინოობა

nino1000ნინოობა ქართველი ერისათვის უდიდესი დღესასწაულია, რადგან წმიდა ნინო ქართველთა განმანათლებელია. საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, როდესაც ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევითა და ვაზის ჯვრის ძალით წმიდა ნინო კაბადოკიელმა ქართლში იქადაგა.

წმიდა ნინოს ხსენება წელიწადში ორჯერ აღინიშნება: გარდაცვალების დღე – 14 იანვარს (ახ. სტილით 27 იანვარს) და საქართველოში შემოსვლის დღე – 19 მაისს (ახალი სტილით 1 ივნისს).

ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და იმ პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა, რომელიც მაცხოვარს თავად ღვთისმშობელმა მოუქსოვა, რაკიღა გამზრდელისგან იცოდა, რომ ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში ინახებოდა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: „წადი ჩემს წილხვედრ საქართველოში, იქადაგე იქ სახარება უფლისა იესო ქრისტესი, მოიპოვებ მისგან მადლს და მე შენი მფარველი ვიქნები“.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“.

გამოღვიძებულ ნინოს მართლაც ჯვარი ეპყრა ხელთ. მან საკუთარი თმით შეკრა იგი.

საქართველოში, მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ამის შემდეგ ნინოს რჩევით მეფემ მოციქულები გაგზავნა იმპერატორ კონსტანტინესთან სამღვდელოების ჩამოსაყვანად, რათა ხალხი მოენათლათ და ეკურთხებინათ ახლად აგებული ეკლესია.

ყოველწლიურად 1 ივნისს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან, სოფელ ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად წირვა ტარდება. წირვის შემდეგ კი მორწმუნენი ფეხით იწყებენ მსვლელობას და გადიან იმ გზას, რომელიც წმიდა ნინომ ქართლის გასაქრისტიანებლად გაიარა. ამ მსვლელობას წმიდა ნინოს გზასაც უწოდებენ.

წმიდა ნინოს შემოსვლა არის უდიდესი ეტაპი ქართველი ერისათვის, რადგან ქრიტიანობა სახელმწიფო რელიგია გახდა.