საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: აშშ-ში ჩემი გზავნილია, არ დაივიწყონ საქართველო

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. აშშ-ში ჩემი ვიზიტის გზავნილია, არ უნდა დაივიწყონ საქართველო, რადგან მოსკოვი თუ ჩათვლის, რომ ნაკლები ყურადღება ექცევა მოლდოვასა და საქართველოს, ეს შესაძლოა, იყოს ცდუნება რუსეთის ხელისუფლებისთვის, მისი ყურადღება ამ ორ ქვეყანაზე გადაიტანოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ვაშინგტონ პოსტ ლაივის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენები დნესტრისპირეთში, ერთგვარი პროვოკაციაა რუსული აგრესიის საბაბის შესაქმნელად, პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ეს მანიპულაციებია, რომელსაც რუსეთი იყენებს ზეწოლის განსახორციელებლად. ზურაბიშვილის თქმით, ის, რაც დღეს მოლდოვაში ხდება, არაპირდაპირი ზეწოლაა მოლდოვის ხელისუფლებაზე დნესტრისპირეთის საშუალებით, რათა მოლდოვის მოსახლეობაში შიში გამოიწვიოს.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, რუსეთი ასევე მოქმედებს სეპარატისტულ ოკუპირებულ ტერიტორიებთან, სადაც აცხადებენ, რომ რეფერენდუმის გამართვა სურთ, რუსეთთან გაერთიანების მიზნით. და სწორედ იმის გამო, რომ მოლდოვა და საქართველო არ არიან დაცული ნატო-ს მე-5 მუხლით და არც ევროკავშირის პირდაპირი სოლიდარობით, ცხადია, ისინი მოწყვლადები არიან და ეს ნიშნავს, რომ მეტი მხარდაჭერა უნდა მიიღონ.

წამყვანის კითხვაზე, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ მომდევო იქნება საქართველო და რა სახის დახმარების თხოვნით მიმართა ბაიდენის ადმინისტრაციას, ზურაბიშვილი აცხადებს:

„პირველ რიგში, მე არასდროს ვიტყვი, რომ მეშინია, რომ ვიქნებით შემდეგი, რადგან მომავლის გამოცნობას არ უნდა ვცდილობდეთ. არ მინდა ასეთი სახის პროგნოზების გაკეთება. ვიტყოდი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების ყურადღება. მთავარი მოწოდება, რასაც მე ვაშინგტონში ვაჟღერებ, საქართველო მეტად იყოს წარმოდგენილი იქ, როდესაც ადმინისტრაცია საუბრობს რეგიონის საკითხებზე. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს მეტ მხარდაჭერას, რესურსების გამოყოფის თვალსაზრისით, რომელიც ახლა განხილვის პროცესშია. საქართველოს მხარდაჭერის აქტი, ეს არის ის, რისიც ძალიან მადლიერი ვართ, ევროინტეგრაციისკენ ახალი გზის მხარდაჭერა, რომელიც ევროპელმა მაღალჩინოსნებმა გახსნეს უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის.

ევროკავშირში დაჩქარებული მიღების პროცედურა ეს უფრო პოლიტიკური მიდგომაა, ვიდრე ბიუროკრატიულ, რაც საშუალებას მიცემს ამ სამ ქვეყანას. ვფიქრობ, ეს მოიცავს, დასავლეთ ბალკანეთსაც, უფრო სწრაფად გავხდეთ „ერთ-ერთი მათგანი“, როგორც ეს ქალბატონმა ფონ დერ ლაინმა განაცხადა“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა. თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მისთვის ცნობილი არ არის ეს კონკრეტულად რა სახის წევრობას გულისხმობს, ან როდის მოხდება ეს. თუმცა მიაჩნია, რომ ეს ახალი შანსია და საქართველო მზად უნდა იყოს და გაატაროს რეფორმები დროულად.